ეს იყო მნიშვნელოვანი დღე ქართული დემოკრატიისთვის, ქართული პოლიტიკური სივრცისა და ახალი საქართველოს დემოკრატიული რეალობის ჩამოყალიბებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
"დღეს ჩვენ დავამტკიცეთ, რომ არასოდეს დავნებდებით შანტაჟს და ზეწოლას. ასევე დავამტკიცეთ, რომ ყოველთვის ვიქნებით მზად შეთანხმებისთვის, ჩვენი ხალხის, ჩვენი ერისა და ვეროპული მომავლის საკეთილდღეოდ", - აღნიშნა გუშინ პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მმართველი ძალა თავისი პროკურორებით, ახალი გამგებლებით, ახალი ფორმირებებით, მათ შორის ქუჩის ხულიგნებით და სხვა ძალებით, თვეებისა და კვირეების განმავლობაში ცდილობდა ოპოზიციონერი პარლამენტარების დაშანტაჟებას და ზეწოლის ყველაზე უღირს მეთოდებს იყენებდნენ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად. სააკაშვილის განცხადებით, აშანტაჟებდნენ მათი პირადი ცხოვერების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით, ემუქრებოდნენ არა მხოლოდ მათ, არამედ მათ შვილებს, მოულოდნელად მათ ნათესავებს აპატიმრებდნენ.
"შეთავაზება იყო ერთი და იგივე, მიეცით ცვლილებებს ხმა უმრავლესობასთან ერთად და თქვენი პრობლემები მოგვარდება. დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს", - დასძინა მან.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი 135 ხმით არც ერთის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო.