თუ უმრავლესობა ჩათვლის, რომ უმცირესობა პარტნიორია და არა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რაღაც უნდა წაგლიჯო, ჩვენი რეაქცია ადეკვატური იქნება, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა მიხეილ მაჭავარიანმა "რუსთავი 2"-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები არ იყო ისეთი დიდი მნიშვნელობის, როგორც ეს "თავიდან შეიმოსა", რადგან პრეზიდენტი ამ უფლების გამოყენებას არ აპირებდა.
"არ არსებობდა არანაირი პოლიტიკური მომენტი ამისთვის. თუმცა, როდესაც "ქართულმა ოცნებამ" ინიცირება დაიწყო, დავეთანხმეთ, რადგან ეს არ იყო მნიშვნელოვანი ცვლილება. სარეიტინგო კენჭისყრით ჩვენ გვინდოდა დემონსტრირება, რომ უმცირესობა არ გატყდა, რომ ხელის გადაგრეხვით არ შეიძლება შეთანხმების მიღწევა. თუ იქნება თანამშრომლობა, ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ", - აღნიშნა გუშინ მაჭავარიანმა.
მისივე თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრით უმრავლესობას სოციალური თემატიკიდან საზოგადოების ყურადღების გადატანა სურდა. "ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები მივიღოთ. საკონსტიტუციო ცვლილების აუცილებლობა არ არსებობდა, მაგრამ რადგან უმრავლესობის დაჟინებული მოთხოვნა იყო, დავთანხმდით. ჩვენ ბევრ კანონზე მივიღეთ თანხმობით გადაწყვეტილება. თუ უმრავლესობა ჩათვლის, რომ უმცირესობა პარტნიორია და არა ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც რაღაც უნდა წაგლიჯო, ჩვენი რეაქცია ადეკვატური იქნება", - განაცხადა მაჭავარიანმა.
პარლამენტმა გუშინ საკონსტიტუციო ცვლილებები 135 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო. მანამდე ჩატარდა სარეიტინგო კენჭისყრა და პროექტის მომხრე 93 დეპუტატი დაფიქსირდა.