დღეს პრემიერმა ივანიშვილმა პირველად იხილა საკუთარი თვალით მისი მცდარი წარმოდგენა, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა , რომელიც პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას გამოეხმაურა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველო არ არის რუსეთი და საქართველოში სხვა მეთოდები და დემოკრატიული დიალოგია საჭირო.
"დღეს პრემიერმა ივანიშვილმა პირველად იხილა საკუთარი თვალით, რომ მისი მცდარი წარმოდგენა, რომ ყველაფერი ფულზე იყიდება ან თუ ფულზე არ იყიდება, 90-იანი წლების ყაჩაღური რუსული მეთოდები ყოველთვის მოქმედებს, საქართველოში "ვარდების რევოლუციის" შემდეგ საზოგადოების ყველაზე ჯანსაღ, დემოკრატიულ ნაწილზე და მათ შორის პოლიტიკური სპექტრის ამ წარმომადგენლებში, არ მოქმედებს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. პრეზიდენტის თქმით, ეს უნდა იყოს ნიშანი როგორც ქართული საზოგადოებისთვის, ისე პრემიერ-მინისტრისთვის.