საქართველოს მთავრობა "ევროპის სახალხო პარტიის" სამოქმედო გეგმის ტონითა და შინაარსით შეშფოთებულია. როგორც საპასუხო წერილშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას ბრალად ედება დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახვევა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის დაბლოკვა, რაც ახალ მთავრობაზე მორიგი თავდასხმაა. წერილში პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი "ევროპის სახალხო პარტიას" ევროპული ღირებულებების პატივისცემისკენ მოუწოდებს.
"ეს არის სულ ახალი განცხადება იმ თავდასხმათა შორის, რომლებიც ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრისგან მოდის და ცხადყოფს პარტიულ მხარდაჭერას პრეზიდენტ სააკაშვილისადმი, რომელიც 2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში სასტიკად დამარცხდა. მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას, შეცვალოს სააკაშვილის არადემოკრატიული პოლიტიკა, მუდმივად მოჰყვება პრეზიდენტის გაღიზიანებული და არაკონსტრუქციული რეაქცია.
როგორც ჩანს, სააკაშვილის მოკავშირეები ევროპარლამენტში კონფრონტაციის ტაქტიკას არჩევენ, ამან კი, შეიძლება, ძირი გამოუთხაროს სწორედაც იმ მიზნებს, რომელთა დაცვასაც ემსახურება ევროპარლამენტი, მაშინ, როცა ევროკავშირის ემისარი ადამიანის უფლებათა საკითხებში თომას ჰამერბერგი დახმარებას უწევს მთავრობას რეფორმების განხორციელებაში.
ევროპის სახალხო პარტიის რეკომენდაციები სხვა არაფერია, თუ არა "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წაყენებული დაუსაბუთებელი ბრალდებების მთელი ნუსხა ახალი ფორმულირებით. ეს იმას ნიშნავს, რომ "სახალხო პარტიას" არ შესწევს უნარი, ჩამოაყალიბოს საკუთარი პოლიტიკური დასკვნები საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, რომლებიც დაეფუძნება არაპარტიულ, სათანადოდ შესწავლილ და ადამიანის უფლებებზე დამყარებულ ანალიზს", - ნათქვამია წერილში.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და სხვები ცდილობენ, დაარწმუნონ საქართველოს ევროპელი პარტნიორები, რომ პრეზიდენტის განცხადებებს ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს დაშორების შესახებ საფუძველი არ აქვს.
"ევროკავშირის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსისა და ევროსაბჭოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კმაყოფილება გამოთქვეს ხელისუფლების რეფორმებით, რაც მნიშვნელოვანი წინსვლაა დემოკრატიული ნორმებისაკენ, მით უმეტეს მას შემდეგ, რაც ქვეყანაში წლების განმავლობაში ირღვეოდა ადამიანის უფლებები.
პრემიერ–მინისტრმა ოფიციალურად განაცხადა, რომ მზად არის მიმართვით გამოვიდეს ევროპარლამენტში, ხოლო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა მზადყოფნა, სიტყვით მიმართოს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების საკითხთა კომიტეტს", - ნათქვამია მთავრობის წერილში.
მიმართვაში ასევე მოყვანილია პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომენტარი, რომელიც მან "ევროპის სახალხო პარტიის" დეკლარაციის გამოქვეყნების შემდეგ გააკეთა.
"მე მესმის ევროპის სახალხო პარტიის ზოგიერთი წევრის შეშფოთება საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო. ჩვენ საქმე გვაქვს კოჰაბიტაციის რთულ პერიოდთან, მაგრამ ჩემი ხელისუფლება ძალ-ღონეს არ იშურებს სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმების გასატარებლად. 2012 წლის ოქტომბერში საქართველოს მოქალაქეებმა ცალსახად უარყვეს წარსულის პოლიტიკა და კანონიერი სახე მისცეს ჩვენს პროგრამას ელიტური კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების აღმოსაფხვრელად.
ჩვენ იმედი გვქონდა, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები მხარს დაუჭერდენენ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ჩვენ ვიზიარებთ და პატივს ვცემთ – ეს არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და სამაგალითო მმართველობის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების დაცვა.
მიუხედავად ამისა, საქმე ალბათ ისე არ ჩანს, როგორც სიტყვა. ძალიან ვწუხვარ, რომ ევროპარლამენტის ზოგიერთ პატივცემულ წევრს ურჩევნია უსაფუძვლოდ გვაკრიტიკოს და წინასწარ გამოიტანოს ვერდიქტი ჩემი მთავრობისა და ჩემი ხალხის წინააღმდეგ. ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკის უპირველესი მიზანია. სწორედ ამიტომ, მზად ვარ ნებისმიერი ევროპელი ოფიციალური პირის, პარლამენტის წევრისა თუ სხვა კრიტიკოსის მიერ გამოთქმულ საფუძვლიან ბრალდებას ვუპასუხო და მოვისმინო ნებისმიერი რეკომენდაცია, რომელიც დაგვეხმარება სტაბილური, დემოკრატიული საქართველოს აშენებაში. ევროკავშირისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, აგრეთვე ოპოზიციური პარტიის კონსტრუქციული ჩართულობით, ჩვენ შეგვიძლია, განვამტკიცოთ კავშირები და ურყევად განვაგრძოთ გზა ევროკავშირისკენ და ისეთი საქართველოსაკენ, რომელიც სტაბილურობის გარანტი იქნება კავკასიის რეგიონში.
მე გულწრფელად მივესალმები ევროპის სახალხო პარტიის მოწოდებას ყოვლისმომცველი დიალოგისკენ ევროკავშირსა და საქართველოს შორის და ვიმედოვნებ, ჩვენი კრიტიკოსები გააცნობიერებენ, რომ არასწორად ესმით ჩვენი ხელისუფლების მოქმედებები და მოტივაცია. მჯერა, ერთად შევძლებთ ისეთი სამოქმედო გეგმის შექმნას, რომელიც მაღალ ევროპულ სტანდარტებს დაეფუძნება დადაგვეხმარება კონსტრუქციულ თანამშრომლობაში, რათა მიღწეულ იქნას ეს სტანდარტები საქართველოსა და ზოგადად, ევროპის სასიკეთოდ", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.