კოტე კუბლაშვილი:  კომისიის არასათანადო მოდელმა შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს

კოტე კუბლაშვილი: კომისიის არასათანადო მოდელმა შესაძლოა, სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი არ გამორიცხავს, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის არასათანადო მოდელის ამოქმედებამ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს.

როგორც კუბლაშვილმა იუსტიციის მინისტრსა და მოსამართლეებს შორის გამართული შეხვედრის შეფასებისას განუცხადა, მისთვის ყველაზე მისაღები ნორვეგიული მოდელია.

"თუკი ჩვენ შევთანხმდებით ნორვეგიულ მოდელზე და თუკი არ გავალთ ახლად გამოვლენილი გარემოებების ფარგლებიდან, ეს მისასალმებელია, მაგრამ თუკი ამაზე მეტად გაფართოვდება კომისიის უფლებამოსილებები, ეს უკვე საფრთხეს შეუქმნის სამართლებრივ სტაბილურობას, რადგან ბევრი დამთავრებული საქმე, აღსრულებული საკითხი და სხვადასხვა ადამიანისთვის მიკუთვნებული საკუთრება, ქონება დადგება ეჭვის ქვეშ, ამან კი შეიძლება სამოქალაქო დაპირისპირება გამოიწვიოს, რადგან საქმე ეხება დემოკრატიული საზოგადოების ისეთ ქვაკუთხედს, როგორიცაა საკუთრების უფლება", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისივე განმარტებით, კანონპროექტთან დაკავშირებით მოსამართლეებს საინტერესო შენიშვნები ჰქონდათ, რომლებიც იუსტიციის მინისტრმა და მისმა მოადგილემ "ჩაიწერეს".

რაც შეეხება წულუკიანის განცხადებას, რომ კომისიის ამოქმედების მიზანი არ არის მოსამართლეების დასჯა და ციხეში ჩასმა, კუბლაშვილი აღნიშნულის მხოლოდ სიტყვით დეკლარირებას საკმარისად არ მიიჩნევს და იუსტიციის სამინისტროსგან შესაბამისი გარანტიის კანონპროექტში გაწერას ითხოვს.

"მოსამართლეების დასჯა ვერ მოხდება და კარგია, რომ იუსტიციის მინისტრი ამას აფიქსირებს. უკაცრავად და, ბევრი თავგაცხელებული ადამიანისგან მოგისმენიათ, რომ ესა და ეს მოსამართლე უნდა დავსაჯოთო. იმედი მაქვს, ცოტა ადეკვატურად შეხედავენ პროცესებს, რადგან მოსამართლეების დასჯას თვითონ სასამართლო არ დაუშვებს – ესაა მხოლოდ სასამართლოს საკითხი და არა ვინმე სხვისი. ჩვენ შევთავაზეთ იუსტიციის მინისტრს, რომ იმის დასადასტურებლად, რომ კომისიის დასკვნას არ მოჰყვება მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობაში მიცემა პროექტში ჩავწეროთ", - განმარტა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ.