საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინფორმაციით, ირაკლი ოქრუაშვილის უკანონო მოსმენებს ახალი ხელისუფლების პირობებში, სავარაუდოდ , იმ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ახორციელებდა, რომელიც უკანონო და ტოტალური მოსმენების ბრალდებით უკვე დაკავებულია.
"თქვენ იცით, რომ გასული წლის 15 ნოემბრიდან საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებში მიმდინარეობს გამოძიება რამდენიმე ეპიზოდზე, რომელსაც ჰქვია უკანონო და ტოტალური მოსმენების საქმე. ეს არის ჯგუფური დანაშაული, რომელშიც ბრალდებულის სახით მხილებულია კუდ-ის არაერთი ყოფილი თანამშრომელი. ჩვენ რამდენიმე დღის წინ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ბატონი ირაკლი ოქრუაშვილისთვის, რომლის განცხადებიდანაც ირკვევა, რომ ჩვენს მიერ გასული წლის ნოემბერში აღმოჩენილი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ტოტალური მოსმენებით იყო დაკავებული ვირუსების მეშვეობით, შეიძლებოდა ინერციით, ასე დავარქვათ სანამ გამოძიება თავის სიტყვას იტყვის, რადგან ვერ მიხვდა, რომ 1-ელ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოსმენებთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა შეიცვალა, მაინც აგრძელებდა საქმიანობას და რამდენჯერმე ჰქონდა ირაკლი ოქრუაშვილის კონტროლის მცდელობა მოსმენის მეშვეობით", - განუცხადა ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა.
თეა წულუკიანის განცხადებით, თუ პროკურატურის ვარაუდი დადასტურდება, "აღნიშნულ ძველ კადრს", სავარაუდოდ, ბრალი დაუმძიმდება.
"ჩვენ ვიძიებთ ამ საქმეს და არ არის გამორიცხული, თუ დადასტურდა ის, რასაც ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, აღნიშნული ძველი კადრისთვის დადგეს ბრალის წაყენების აუცილებლობა", - დასძინა თეა წულუკიანმა.
ამასთან, იუსტიციის მინისტრის განმარტებით, გარდამავალ პერიოდში "ვერ გავექცევით იმას, რომ ყოფილი ხელისუფლების პირობებში უკანონო ქმედებებს მიჩვეული კადრები, იქიდან გამომდინარე, რომ ახალმა მთავრობამ ისინი საჯარო სამსახურებიდან არ გააძევა, ძველი პრაქტიკით მუშაობას განაგრძობენ".
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.
"კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - აღნიშნა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.