მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის მიზანი მოსამართლეების ციხეში ჩასმა არ არის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განუცხადა.
მინისტრი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, კოტე კუბლაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია, მოსამართლის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, თუკი ხარვეზების დამდგენი კომისია წარსულში მის მიერ ჩადენილ სასამართლო დანაშაულს გამოავლენს.
როგორც წულუკიანმა განმარტა, მოსამართლის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამორიცხულია, სხვა ტიპის დისციპლინური პასუხისმგებლობა კი თავად სასამართლო ხელისუფლებაზე იქნება დამოკიდებული.
"უცნაურია, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს შიშები, რომ ჩვენი მთავრობის რომელიმე წევრს სურს მოსამართლის დასჯა. ამ კანონის მიზანი ეს არ არის. ეს არის უბრალოდ ფსიქოლოგიური შიში. მოვუწოდებ ყველას, შიშს ნუ გაამწვავებენ, რადგან ამას საფუძველი არა აქვს. მე მოსამართლეებს ვუთხარი, რომ ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნის მიზეზი არის ათასობით პატიმარი, რომელიც თავს უკანონო პატიმრად მიიჩნევს. მიზანს კი, არ წარმოადგენს მოსამართლეების ციხეში ჩასმა და მათი ისე სანქცირება, რომ ეს მათ თავად არ სურდეთ. რას ვგულისხმობ ამაში – მოსამართლეთა სამართლებრივი სანქცია რა თქმა უნდა არის გამორიცხული, მაგრამ თუ რომელიმე მოსამართლის შესახებ დადგინდა, რომ 10, 20, 30 და 40 ხარვეზი აქვს ჩადენილი, ისევ მოსამართლეებმა უნდა გადაწყვიტონ, არის თუ არა ასეთი მოსამართლის ადგილი მართლმსაჯულებაში. გადაწყვეტილების მიღება ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის იუსტიციის სამინისტროს ან პარლამენტის საქმე", - განაცხადა თეა წულუკიანმა.
რაც შეეხება უშუალოდ მოსამართლეებთან მიმდინარე შეხვედრას, მინისტრის განმარტებით, ის საინტერესოდ მიმდინარეობს.
"25-მდე მოსამართლე გამოვიდა და მოგვახსენა კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები. მინდა, კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ რამდენიმე იდეა, რომელიც მათ მოგვაწოდეს, არის უაღრესად საინტერესო და მისაღები", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ამასთან, თეა წულუკიანის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იუსტიციის სამინისტროსა და მოსამართლეებს შორის შეხვედრა სისტემატურ ხასიათს მიიღებს.
"დიდი მოლოდინია, რომ რეფორმა მალე და წარმატებით დასრულდება საქართველოში. მიხარია, რომ ამას თვითონ მოსამართლეები ამბობენ. მოსამართლეებს აქვთ სურვილი, ის ხარვეზები, რომლებიც არსებობდა და, უმრავლესობა ამბობს, რომ შეუცდომელი არავინ არის, გამოსწორდეს დამოუკიდებელი დროებითი კომისიის დახმარებით, მაგრამ მართლმსაჯულების მიერვე. ეს მექანიზმი უნდა შევიმუშავოთ და შევთანხმდეთ. მოლოდინი, რაც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით მქონდა, თამამად შემიძლია ვთქვა, არის გამართლებული", - აღნიშნა წულუკიანმა.