18-19 მარტს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, ღამით ყინვები დაფიქსირდეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების ბიუროს უფროსის მოადგილემ , ნინო წვერავამ განუცხადა, ხვალიდან ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება, უმეტეს რაიონებში იწვიმებს, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი ჰაერის მასების შემოჭრას უკავშირდება. შესაბამისად, წინა დღეებთან შედარებით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს. ხვალ დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +12+14 გრადუსი იქნება, თბილისში კი, 16 გრადუსი.
ამასთან, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე 18 მარტის ღამიდან ამინდი უფრო გაუარესდება, წვიმის ინტენსიურობა მოიმატებს და იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, 20-25 მეტრი წამში. თბილისის გარეუბნებში შესაძლოა, ქარის სიჩქარემ 30 მეტრიც შეადგინოს.
ამასთან, 18 მარტის ღამით საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა +3;+8 გრადუსი იქნება, მთაში -2;+3; მაღალ მთაში კი -5;0.
18 მარტს, დღისით აღმოსავლეთ საქართველოს რაიონებში წვიმა შეწყდება და კვლავ ქარი იქროლებს, დასავლეთ საქართველოში იწვიმებს და მთებში მოთოვს. თოვლის ნალექი მოსალოდნელია აღმოსავლეთ საქართველოს მთებშიც. შიდა ქართლის უმეტეს რაიონებშიც დღის მეორე ნახევარში წვიმა თოვლ-ჭყაპში გადაიზრდება. დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია +5; +6 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოში +8;+9 გრადუსი, მათ შორის შიდა ქართლში +3; +5. კახეთში +7; + 9; თბილისში +9 გრადუსი.
19 მარტის ღამით საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში იქნება თოვლი და ყინვა. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, შიდა ქართლში მინიმალური ტემპერატურის დაცემა შესაძლებელია - 4 გრადუსამდე; დასავლეთ საქართველოში - 2 გრადუსამდე.
საქართველოს შიდა რაიონებსა და მთიან ზონაში ჰაერის ტემპერატურის დაწევამ უარყოფით ნიშნულამდე შესაძლოა, გამოიწვიოს ყვავილობის ფაზაში მყოფი სასოფლო სამეურნეო კულტურების ყვავილების დაზიანება.
ამასთან, ძლიერმა წვიმებმა და მთაში თოვლის ინტენსიურმა დნობამ მდინარეთა აუზებში შესაძლოა, გამოიწვიოს წყლის მატება სახიფათო ნიშნულამდე.
19 მარტის ღამით დასავლეთ საქართველოში -2;+3 გრადუსი დაფიქსირდება; აღმოსავლეთში 0;+5 შიდა ქართლში ზოგან -5-მდე. მთაში -7;-2; მაღალ მთაში -13;-8 გრადუსი.
როგორც სინოპტიკოსები ამბობენ, მოსალოდნელია მარტისთვის დამახასიათებელი ამინდი და განსაკუთრებული არაფერი ხდება.