საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1993 წლის 16 მარტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კახი კალაძემ აღნიშნა, საქართველოს უახლეს ისტორიაში ძალიან ბევრია უმძიმესი დღე და ერთ-ერთი ასეთი ტრაგიკული თარიღი ოცი წლის წინ, სოხუმზე იერიშის დაწყებას უკავშირდება.
"მაშინ ჩვენმა არტილერიამ ძალიან გამოიჩინა თავი, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ნათელში ამყოფოს ყველა იმ ადამიანის სული, ვინც საქართველოსთვის თავი გაწირა", - აღნიშნა კალაძემ. მანვე მოქმედ და ვეტერან არტილერისტებს არტილერისტის დღე მიულოცა და ღრმა პატივისცემა დაუდასტურა. შინაგან საქმეთა მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.