"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, ახალი ხელისუფლება როგორც თავისი გუნდის წევრების, ასევე ოპონენტების საუბრების მოსმენებს ახორციელებს.
ამის შესახებ ჩიორა თაქთაქიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას რაკლი ოქრუაშვილის განცხადების კომენტირებისას განაცხადა. თაქთაქიშვილის განცხადებით, პოლიციას აქვს სრული ინფორმაცია ახალი მმართველი გუნდის ყველა წევრზე.
"პრემიერი ივანიშვილი იმის გარჩევით არის დაკავებული, ვინ ვისთან და სად დადის. ამ პირობებში საქართველოს მოქალაქეები არიან დაუცველები და მათ ახალი ხელისუფლება უნერგავს შიშს", – განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ "ღია ეთერში" განაცხადა, რომ მას ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, საფრანგეთში უსმენდნენ.
"კიდევ ერთი საინტერესო საქმე, რომელზეც პროკურატურაში გასულ კვირას ვიყავი - ეს არის უკანონო მოსმენების საქმე, სადაც მგონი პროკურატურა აპირებს დაზარალებულად მცნოს იმის გამო, რომ ჩემი კომპიუტერის მეშვეობით ისმინებოდა ჩემი საუბრები საფრანგეთში უკვე მთავრობის ცვლილების, 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, ოქტომბერ-ნოემბერში სრულად. ეს კეთდებოდა თავდაცვის სამინისტროდან გამოგზავნილი ვირუსებით, სამხედრო პოლიციის ოპერტიულ-ტექნიკური დეპარტამენტის ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ, რომელიც ახალი დანიშნული იყო ახალი ხელისუფლების პირობებში. მე თვითონ ძალიან მაინტერესებს, ვინ იყო ამის ინიციატორი - ამას აკეთებდა თავის ინიციატივით?!, რაც მე მაგალითად არ მჯერა, თუ აკეთებდა ვინმეს დავალებით?!", - აღნიშნა ოქრუაშვილმა და დასძინა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე სხვა დეტალებზე ვერ ისაუბრებს.