პრეზიდენტი იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების დათხოვნას გეგმავს , - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა "ტელეიმედის" გადაცემა "ღია ეთერისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
"ის აპირებს მოხსნას რამდენიმე მინისტრი - ეს არის თეა წულუკიანი, ირაკლი ღარიბაშვილი, შესაძლებელია მაია ფანჯიკიძეც. ერთ დღეს გავიღვიძებთ და შს მინისტრად დაგვხვდება მერაბიშვილი, ადეიშვილს ალაბთ არ დააბრუნებს. ეს არის ვარაუდი და მაქვს გარკვეული დადასტურებული ინფორმაციები სააკაშვილის შიდა გარემოცვიდან", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი აღნიშნულ მინისტრებს იმ შემთხვევაში დაითხოვს, თუ ვერ მოხერხდება საკონსტიტუციო ცვლილებების გატანა და თუ ცვლილებებს პარლამენტი მაინც შეიტანს კონსტიტუციაში, სააკაშვილი მინისტრებს ცვლილებების ამოქმედებამდე დაითხოვს.
"სააკაშვილს ქაღალდზე არსებული ძალაუფლების სახით ხელში უჭირავს გახსნილი ხელყუმბარა, რომელსაც ჩემი აზრით, აუცილებლად გადააგდებს. ის პირველ რიგში დაიზიანებს თავის თავს, გარკვეულ დაზიანებას მიაყენებს ივანიშვილის ხელისუფლებასაც. მან არაერთხელ განაცხადა, რომ არ აპირებს მთავრობის და პარლამენტის დათხოვნას, ნამდვილად გეტყვით, რომ ის არც ისეთი სულელი არ არის, რომ ვერ ხვდებოდეს მისი რეიტინგი 5 პროცენტის ფარგლებშია და ახალი არჩევნებით ვერაფერს მიიღებს. მთავრობის დათხოვნის საშუალება იქნება პოლიტიკური ხარაკირი", - განაცხადა ოქრუაშვილმა.