ვანო მერაბიშვილის მხრიდან დასაქმების კონცეფციაზე საუბარი ღიმილის მომგვრელია , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი, რომელიც არის წინა ხელისუფლების სახე, ასოცირდება უკანონობასთან, უმუშევრობასთან და სიღატაკესთან.
"მე ცოტა ღიმილის მომგვრელად მიმაჩნია ეს ფაქტი. ვანო მერაბიშვილმა დასაქმების რა კონცეფცია უნდა შესთავაზოს ახალ ხელისუფლებას, როდესაც ის განასახიერებს იმ ხელისუფლებას, რომელმაც 9 წლის განმავლობაში გააღარიბა და გააღატაკა ქვეყანა", - აღნიშნა ბესელიამ.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში დასაქმების შესახებ კონცეფციას გამოაქვეყნებს. ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა დღეს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენი მუშაობის მთავარი საგანი დასაქმება იქნება. უახლოეს დღეებში ჩვენ გამოვაქვეყნებთ კონცეფციას დასაქმების შესახებ და გვინდა, ეს კონცეფცია საქართველოს მთავრობასთან ერთად განხორციელდეს", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
ყოფილი პრემიერის თქმით, ისინი მზად არიან, ამ საკითხებში მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლონ და ხელისუფლებას საკუთარი წანადადებები შეთავაზონ.
როგორც ვანო მერაბიშვილმა აღნიშნა, ყველა შემდგომ არჩევნებზე "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დასაქმება და უმუშევრობის წინააღმდეგ ბრძოლა იქნება.
"საქართველო იქამდე არ გახდება ნორმალური ქვეყანა, სანამ ამდენი უმუშევარი იქნება, სანამ ამდენ ადამიანს არ ექნება შემოსავალი და არ ექნება საშუალება მოახდინოს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია, მიიღოს შემოსავალი და შეძლოს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება. ჩვენი მთავარი სლოგანი არის დასაქმება და მზად ვართ, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლოთ", - აღნიშნა მერაბიშვილმა.
მისივე თქმით, 2012 წლის ბოლოსთვის შედგენილი 600 ათასიანი მონაცემთა ბაზა მთავრობისთვის კარგი საშუალება იქნება, შეიწავლოს და დაგეგმოს თავისუფალი ღონბისძიებები ამ ადამიანებისთვის დასაქმებისთვის.