მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი მის მიმართ დაწყებულ გამოძიებას ბიზნესის წართმევის მცდელობას უკავშირებს. ამის შესახებ ჩოჩელმა ჟურნალისტებს დღეს განუცხადა.
"ეს ყველაფერი დაკავშირებულია ბიზნესის გადანაწილებასთან, თუმცა არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებ. პირდაპირი შემოთავაზება ბიზნესის დათმობასთან დაკავშირებით არ ყოფილა, მაგრამ ვფიქრობ, რომ არის ბიზნესის წართმევის მცდელობა", - აცხადებს ჩოჩელი.
ყოფილი გუბერნატორი გუშინ მის მიმართ წაყენებულ ახალ ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ "ქართუ ბანკის" საქმესთან არაფერი აკავშირებს. ჩოჩელი განმარტავს, რომ კომპანია "ინტერპლასტში" მისი ჯგუფი 33%-იან წილს ფლობდა, თუმცა 2010 წლიდან "ინტერპლასთან" არანაირი სეხება აღარ აქვს. მისი თქმით, 2010 წელს ეკონომიკური კრიზისის შემდეგ კომპანია ვერ იხდიდა "ქართუ ბანკის" წინაშე არსებულ დავალიანებას, რის შემდეგაც ბანკმა კომპანიის ნაწილი გადაიფორმა. როგორც ჩოჩელი განმარტავს, ამის შემდეგ ის აღნიშნულ კომპანიაში არც კი მისულა.
ჩოჩელი დღესვე "შპალის ქარხანასთან" დაკავშირებით "საქართველოს რკინიგზის" სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის კოკა გუნცაძის განცხადებებსაც გამოეხმაურა. ყოფილი გუბერნატორის თქმით, რომ არა მისი კომპანია "მიქსორის" მიერ "შპალების ქარხანაში" საქმიანობა, საქართველოში შიდა შპალების წარმოება არ იარსებებდა. მან დღეს ჟურნალისტებს ქარხნის სურათებიც აჩვენა, რომლებშიც "მიქსორის" შესვლამდე ქარხანაში არსებული სიტუაციაა ასახული. მისი თქმით, "შპალების ქარხნის" აღდგენაში მისმა კომპანიამ სერიოზული ინვესტიცია განახორციელა.
ჩოჩელი აცხადებს, რომ მასზე და მის ბიზნესზე ზეწოლა არა მარტო ახალი ხელისუფლების პირობებში, არამედ წინა წლებშიც ხორციელდება.
"მეგობრებს არ ვირჩევ პოლიტიკური ნიშნით. ვადასტურებ რომ ვანო მერაბიშვილთან ვმეგობრობდი და დღესაც ვმეგობრობ. ხელისუფლების ცვლილების გამო არ ვაპირებ მეგობრობის გაწყვეტას, მაგრამ მტკიცება იმისა, რომ ჩვენ გვმფარველობდა წინა ხელისუფლება, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ჩოჩელმა.