მცხეთა-მთიანეთის ყოფილ გუბერნატორს ცეზარ ჩოჩელს კიდევ ერთი ბრალდება წაუყენეს.
როგორც დღევანდელი დაკითხვის შემდეგ ადვოკატმა გოგიტა გაბაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი "ქართუ ბანკის" გაკოტრების ირგვლივ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალდებულად სცნეს.
"ბრალდება წარედგინა "ქართუ ბანკთან" დაკავშირებით, დანაშაულისათვის, რაც გულისხმობს დიდი ოდენობით ქონების გადამალვაში წაქეზებას და ყალბი საგადასახადო ანგარიშფაქტურების გამოყენებას", - აღნიშნა ადვოკატმა. მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაული 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად ჩოჩელის განცხადებით კი, ბრალდება თითიდან გამოწოვილია და მის მიმართ ბრალის წარდგენა პირად ანგარიშსწორებას უკავშირდება. "როგორც შეიძლება დამიკავშირო, რომ ეიფელის კოშკი ჩემი აშენებულია, ისევე შეიძლება დამიკავშირონ ბანკ "ქართუს" გაკოტრების თემა", - აღნიშნა ჩოჩელმა. იგი არ გამორიცხავს, რომ მასთან ერთად ბრალი სხვა პირებსაც წაუყენონ.
ყოფილი გუბერნატორი უკვე ბრალდებულია უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში. მას აღნიშნულ საქმეზე ბრალი მიმდინარე წლის 24 იანვარს წაუყენეს და დააპატიმრეს, რის შემდეგაც აღმკვეთი ღონისძიება შეუცვალეს და 200 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.