არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებს რუსთავში, "დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში" "პიროვნული განვითარების" ტრენინგი ჩაუტარდათ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიება ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროსა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ("სიდა") ორგანიზებით გაიმართა.
ტრენინგის მიმდინარეობას დაესწრო სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძე.
"ტრენინგის თემატიკა საკმაოდ მრავალფეროვანი იყო და ის მოიცავდა ცხოვრების ეფექტური დაგეგმვის, ინფორმაციის მოძიებისა და მისი გამოყენების, კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებს. ღონისძიება ჩატარდა იუსტიციის სამინიტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობებისა" და ევროკავშირის პროექტის -"არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ეროვნული უმცირესობების თემებში" - ფარგლებში და მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებაში ინტეგრაციას და მათ პიროვნულ განვითარებას", - განმარტავენ სამინისტროში.
მათივე ცნობით, ამავე პროექტის ფარგლებში, რუსთავის მე-3 სამუსიკო სასწავლებელში გაიმართა ცნობილი პიანისტის ვალერიან შიუკაშვილის შეხვედრა არასრულწლოვან პირობით მსჯავრდებულებთან.
"მუსიკოსი ახალგაზრდა პრობაციონერებს მათთვის საინტერესო თემებზე ესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. შეხვედრის ბოლოს, პიანისტმა შეასრულა ფრაგმენტები სხვადასხვა ოპერებიდან, რამაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიებაში მონაწილეობა ასევე მიიღეს მუსიკალური სკოლის აღსაზრდელებმა, რომლებმაც პრობაციონერი თანატოლებისთვის ფორტეპიანოზე, ფლეიტასა და საყვირზე სხვადასხვა ნაწარმოებები შეასრულეს", - აღნიშნავენ უწყებაში.