ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ ძლიერი მმართველი კოალიცია, არამედ ძლიერი ოპოზიცია, - ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილმა "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" ხელმძღვანელ, ლორნ კრანერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, მან რესპუბლიკური ინსტიტუტის მეგობარ წარმომადგენლებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების და უპირველესად, ოპოზიციური ძალების განვითარებაში დახმარების გაგრძელება სთხოვა.
"ძალიან საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა მქონდა ჩვენს მეგობრებთან _ "საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის" წარმომადგენლებთან. ჩვენი ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, მაგრამ ამ წლების განმავლობაში ყოფილა შემთხვევები, როცა ჩვენი პოზიციები ერთმანეთს არ ემთხვეოდა. დღეს ის ვითარებაა, როცა შევთანხმდით ყველა საკითხზე, მათ შორის იმის თაობაზე, თუ რა სჭირდება პირველ რიგში ქვეყანას, დემოკრატიას. მე ჩვენს მეგობრებს განსაკუთრებით ვთხოვე, გააგრძელონ დახმარება საქართველოს პოლიტიკური პარტიების და პირველ რიგში ოპოზიციური პარტიების განვითარებისთვის, რათა ქვეყანას სჭირდება არა მხოლოდ ძლიერი მმართველი კოალიცია, არამედ ძლიერი ოპოზიცია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში გუშინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის და კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ევრაზიისა და ვაჭრობის კომიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა. მან შეხვედრა გამართა ასევე ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსშიც". გარდა ამისა, დავით უსუფაშვილი კონგრესის ბიბლიოთეკის დირექტორსაც შეხვდა.