აგრარული უნივერსიტეტის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები საპროტესტო აქციებს გამართავენ.
ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია "საზოგადოებრივი ინიციატივადან" აცნობეს. როგორც ორგანიზაციაში განმარტავენ, საქართველოს სტუდენტობა აგრარულ უნივერსიტეტთან დაკავშირებით "უსამართლობას და პოლიტიკურ ზეწოლას გააპროტესტებს".
სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები ჯერ თავიანთ უნივერსიტეტებთან შეიკრიბებიან და მცირე აქციას გამართავენ, 14:00 საათისთვის კი, განათლების სამინისტროსთან გადაინაცვლებენ, სადაც ერთობლივი მიტინგი ჩატარდება.
აქციაში თავისუფალი უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერისიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის, GAU–ს (ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის), სამხატვრო აკადემიის და სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას.
სტუდენტების შეკრების განრიგი ასეთია: 11.00 საათი _ თავისუფალი უნივერსიტეტი (ნუცუბიძის პირველი მიკრორაიონი, ბედიას ქუჩა #1), 11.30 საათი – სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსი (კოსტავას გამზ. #77), 12:00 საათი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი ( ჭავჭავაძის გამზ. #2), 12.30 საათი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი GAU (ალექსიძის ქ. #9), 13:00 საათზე – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ა კორპუსი ( ჭავჭავაძის გამზ. #32), 14.00 საათი – განათლების სამინისტრო ( უზნაძის ქ. # 52).
"მოვითხოვთ საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და აკრედიტაციის დაბრუნებას. 18 თვის განმავლობაში აგრარულ უნივერისტეტში 12 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა, პირველად ბოლო 20 წლის შემდეგ აგრარულმა უნივერსიტეტმა აბიტურიენტთა შორის პოპულარობით საქართველოში მეექვსე ადგილი დაიკავა", - აცხადებენ ორგანიზაციაში.