პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის "აქტიურობას" გირგვლიანის გამოძიების დასასრულს უკავშირებს .
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს გუშინ, ქართველ ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის განცხადების კომენტირებისას განუცხადა, "მერაბიშვილის მოწოდებები იუმორისტულია".
"მესმის რეალურად, რა სურს ვანოს, მაგრამ გარწმუნებთ, მე ამ პროცესში არ ვერევი. გირგვლიანის საქმის გამოძიება ჩქარდება და ვანოს ძალიან უჭირს, რაღაც უნდა მოიფიქროს. თურმე მისთვის სულ ერთი არ არის ჩვენი სტრატეგია და ევროპაზე უარს ვამბობთ. არც ერთი სიტყვა ევროპაზე არსად გვითქვამს და ვანო ამტვრევს ღია კარებს, რამეთუ დახურვის თავი აღარ აქვს. მას ცუდად, ძალიან მძიმედ აქვს საქმე, თვითონ ეს იცის, ბევრი კითხვა აქვს პროკურატურას და ცდილობს, არაფრისგან რაღაც მითები შექმნას", - აღნიშნა ივანიშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა საზოგადოებას 19 აპრილის აქციაში მონაწილეობისკენ გუშინ კიდევ ერთხელ მოუწოდა. "კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლებს, მიუხედავად მათი პარტიული პოლიტიკური ორიენტაციისა, მოვიდნენ 19 აპრილს, 16:00 საათზე, რუსთაველზე და კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ქართველი ხალხის პოლიტიკური ნება, რომ საქართველოს მომავალი არის ნატო-ში, ევროკავშირში და საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების გზა გადის მხოლოდ ევროპაზე", - აღნიშნა ვანო მერაბიშვილმა.