საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა წარმომადგენელმა შიდა ქართლში ანდრო ბარნოვმა ძვირადღირებული ავტომანქანები გაცვალეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სამხარეო რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატიდან აცნობეს. გაცვლილი ავტომანქანის საფირმო სახელწოდებაა ,,ტოიოტა ლენდკრუიზერ 200″.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ მოძიებული მასალით ირკვევა, რომ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 2013 წლის 15 იანვარს შიდა ქართლის გუბერნატორს მის სარგებლობაში არსებული ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200″ (სახელმწიფო ნომრით BVB – 515) გადაცემის თაობაზე წერილობით მიმართა. იმავე დღეს ანდრო ბარნოვმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და აღნიშნული ავტომანქანა სააკაშვილის ადმინისტრაციას გადასცა. სხვათა შორის, ანდრო ბარნოვი გუბერნატორად 2013 წლის 12 იანვარს დაინიშნა, ხოლო ამ რანგში მისი პირველი ბრძანება, სწორედ, ამ ავტომანქანის გადაცემას ეხება.
მოგვიანებით, 2013 წლის 23 იანვარს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საკუთარ უწყების ბალანსზე არსებული ,,ტოიოტა ლენდ კრუიზერ 200″ (სახელმწიფო ნომრით WWQ – 505) ანდრო ბარნოვის უწყებას გადასცა.
ყოველთვიურად, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატი, 1 110 ლიტრ ბენზინს და 1 000 ლიტრს დიზელის საწვავის ტალონებს იყენებს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერდა, რომ დანიშვნიდან 9 დღეში ანდრო ბარნოვმა პრემია 2 000 ლარის ოდენობით გამოიწერა. იგივე 2013 წლის თებერვალში გააკეთა. ანდრო ბარნოვი პრემიების გამოწერას ამართლებდა იმ ფაქტით, რომ წამახალისებელი სარგო სამხარეო ადმინისტრაციისთვის გათვალისწინებული მცირე წარმომადგენლობითი ხარჯების გამო გამოიწერა.