აგრარული უნივერსიტეტის საკითხს სახალხო დამცველი დამოუკიდებლად შეისწავლის. როგორც "ინტერპრესნიუსს" ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს, სახალხო დამცველი აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევას დაუშვებლად მიიჩნევს.
"საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხს დამოუკიდებლად შეისწავლის. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არ შეიძლება აკადემიური და პოლიტიკური საკითხების ერთმანეთში აღრევა, საკითხი აუცილებლად სამართლებრივ ჭრილში უნდა გადაწყდეს და არ უნდა დაირღვეს ათასობით სტუდენტის განათლების უფლება. საკითხის დეტალურად შესწავლის შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას გააკეთებს და საკუთარ პოზიციას აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებას გააცნობს",- აღნიშნულია განცხადებაში.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია 11 მარტს შეუჩერა.