„საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი“ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის - აფბას“ კვლევით ორგანოს წარმოადგენს, რომელიც საბჭოთა ანაბრების პრობლემის შესწავლაზეა კონცენტრირებული.
საბჭოთა ანაბრები ის საკითხია, რომელიც მოსახლეობის ფართო ფენებს უმწვავესად შეეხო, თუმცა ამის მიუხედავად პრობლემის მოგვარება ჯერ-ჯერობით არ დაწყებულა, უფრო მეტიც, არცერთ პოლიტიკურ ძალას შესაბამისი პასუხისმგებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით აღებული არ აქვს. აქედან გამომდინარე „აფბამ“ შექმნა სპეციალური კვლევითი ცენტრი, რომელიც ანაბრების პრობლემის ადგილიდან დაძვრას ემსახურება.
„საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრის“ ერთ-ერთი მთავარი პრინციპი დაზარალებულ მეანაბრეებთან აქტიური კომუნიკაციაა. ამ მიზნით შექმნილია სპეციალური ცხელი ხაზიც, რომლის ნომერია: 790 10 90 19.
ცხელ ხაზზე ყოველდღიურად რამდენიმე ათეული ზარი შემოდის, რაც, თავისთავად მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოების მხრიდან ინტერესი დიდია.
გარდა ცხელი ხაზზე დაკავშირებისა, მეანაბრეებს და არამარტო მათ, საშუალება აქვთ ეწვიონ „საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს“ და დეტალურად გაერკვნენ ცენტრის საქმიანობაში.
დღემდე, სხვადსხვა საკითხით და კონკრეტული დოკუმენტაციით, „საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრს“ 100-მდე ადამიანმა მიმართა. გამომდინარე იქედან, რომ კვლევა დაახლოებით ერთი თვეა რაც დაიწყო, 100-მდე მოქალაქე საკმაოდ დიდი ციფრია და მიანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოების ინტერესი ანაბრების საკითხის მიმართ კვლავაც დიდია, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის წარმოქმნიდან დღემდე საკითხი ადგილიდან არ დაძრულა.
„საბჭოთა ანაბრების კვლევის ცენტრი“ იმედოვნებს, რომ მსგავსი აქტიურობა კიდევ გაგრძელდება და ანაბრების დაბრუნების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ დღის წესრიგში დადგება.