განათლების მინისტრის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აგრარულ უნივერსიტეტს გაუქმებული ავტორიზაციის ხელახლა აღდგენა ხვალვე შეუძლია. ამის შესახებ ჟურნალისტებს მარგველაშვილმა დღეს განუცხადა.
მისი ცნობით, ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია გაუუქმდა.
"საბჭოს გადაწყვეტილებაში, როგორც იურიდიულ დოკუმენტში წერია, რომ ავტორიზაცია გაუქმდა. შინაარსი არის შემდეგი - გაუქმებულია და ხვალვე რომ შეიტანონ განაცხადი, შეუძლიათ აღდგენა, ოღონდ ხარვეზები უნდა გამოასწორონ. გაუქმება არ ნიშნავს ავტორიზაციის სამუდამოდ ჩამორთმევას", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ამასთან, განათლების მინისტრი გამორიცხავს, ავტორიზაციის გაუქმების პოლიტიკურ მოტივებს და აცხადებს, რომ ავტორიზაციის საბჭო, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, მის მინისტრობამდე არის ჩამოყალიბებული. მიუხედავად ამისა, მარგველაშვილი მათ პროფესიონალიზმში დარწმუნებულია.
"პოლიტიკურ სარჩულს გამოვრიცხავ. საბჭო, ის კანონი და ის კომისია, რომელმაც ეს გადაწყვეტილება მიიღო, არ არის შექმნილი ჩემი მინისტრობის პერიოდში. ეს შეიქმნა წინა ხელისუფლების დროს და შესაბამისად, მე არანაირი პოლიტიკური ბერკეტი არ მაქვს. ძალიან სამწუხაროა, რომ ხდება პროცესის სპეციალურად პოლიტიზირება", - აცხადებს მარგველაშვილი.
იგი ასევე განმარტავს იმ მიზეზებს, თუ რატომ არ განახლდა საბჭოს შემადგენლობა მას შემდეგ, რაც ის დაინიშნა განათლების მინისტრად. მარგველაშვილის თქმით, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მათ შორის ის, რომ საბჭოს წევრები პროფესიონალები არიან და კანონის დაცვით მოქმედებდნენ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების პირობებშიც.
გარდა ამისა, მარგველაშვილი ამბობს, რომ პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურიდან გაშვების წინააღმდეგია და თუ დაითხოვდა ავტორიზაციის საბჭოს წევრებს, სწორედ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების პრეცედენტი შეიქმნებოდა. მისივე თქმით, ამოქმედდება კანონი, რომელიც ახალი ტიპის საბჭოების შექმნას ითვალისწინებს.
დღესვე გიორგი მარგველაშვილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სტუდენტებთან მისი დიალოგი კონსტრუქციულად მიმდინარეობდა, სანამ დებატებში ყოფილი განათლების მინისტრი არ ჩაერთო, რის შემდეგაც მან შეხვედრა დატოვა.
მარგველაშვილის თქმით, იმის შესწავლას, თუ რამდენად სერიოზული დარღვევები არსებობდა აგრარულ უნივერსიტეტში, სამინისტრო ახლა იწყებს და აქამდე უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ ზეპირი ინფორმაცია ჰქონდათ.