ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დავით ლომიძე შეზღუდული შესაძლებლობის პირთა დამხმარე და ადაპტირებული მობილური საშუალებების პრეზენტაციას დაესწრნენ.
ამერიკის საელჩოს ცნობით, ღონისძიება კოალიციის "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ეტლების საწარმოში გაიმართა.
ღონისძიების ორგანიზატორები კოალიცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" და "ნეიროგანვითარების ცენტრი" იყვნენ, რომელთაც საზოგადოებას ახალი, მსუბუქი ელექტრო ეტლი და ეტლში ჯდომის დამხმარე საშუალებები წარუდგინეს.
ეტლები პროექტის "ეტლების წარმოების ქსელი" ფარგლებში შეიქმნა. აღნიშნული პროექტი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით ხორციელდება. ის ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომლის მეშვეობითაც შეერთებული შტატები საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის პირთა საზოგადოებრივ ჩართულობას უწყობს ხელს.
USAID-ის კიდევ ერთი, "შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ადვოკატირების" პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის პირთა ორგანიზაციების გაძლიერებას და მათ ჩართვას პოლიტიკურ პროცესებში ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.