მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ვარაუდობს, რომ გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს, - ამის შესახებ კბილაშვილმა "პირველ რადიოსთან" საუბარში განაცხადა .
მისი თქმით, ამავე ეპიზოდში პატიმრობა შეეფარდა დავით კეზერაშვილს, რაც ლოგიკურ წინააღმდეგობას წარმოშობს სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
"სანამ გადაწყვეტილებას არ ვნახავთ, მისი შეფასება არ არის მართებული. ამიტომ, ვნახავთ ამ გადაწყვეტილებას და შემდგომ გავაკეთებთ კომენტარს მასზე. თუ ჩავთვლით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, გავასაჩივრებთ და თუ ჩავთვლით, რომ არ არის უკანონო, არ გავასაჩივრებთ. წინასწარი მოსაზრება, რომელიც ჩვენ შეიძლება გვქონდეს წარდგენილი ბრალდების და დასაბუთებულობის თვალსაზრისით, ჩვენში იწვევს ვარაუდს, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონო უნდა იყოს, მით უფრო, რომ ამავე ეპიზოდში პატიმრობა შეუფარდა სასამართლომ დავით კეზერაშვილს. ეს როგორც მინიმუმ, ლოგიკურ წინააღმდეგობას წარმოშობს ამ გადაწყვეტილებაში", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დღეს არ დააკმაყოფილა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი (გიგი) უგულავას მიმართ გირაოს – მილიონი ლარის შეფარდების შესახებ. დღესვე, სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა პროკურატურის შუამდგომლობა გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე. სასამართლომ ბრალდების მხარეს ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზეც უარი უთხრა.
"ტელეიმედის" საქმეში ბრალდებულ დავით კეზერაშვილს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. "იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული დავით კეზერაშვილი თავს არიდებს გამოძიებას და სასამართლოს და ამით ხელი ეშლება მართლმსაჯულების განხორციელებას, სასამართლოს მიერ ამ ნაწილში დაკმაყოფილდა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დავით კეზერაშვილს შეეფარდა პატიმრობა",-განმარტეს სასამართლოში.
აღნიშნულ საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართება 2013 წლის 10 აპრილს 15.00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში.