ეს ჯგუფი უკვე ღიად აცხადებს თავს ექსტრემისტულ ორგანიზაციად, რომლის მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლებაში მოსვლა. ამიტომ ვთქვი, რომ მე ძალიან ახლოს დავაკვირდები ამ დაჯგუფების მიმართ დამოკიდებულებას მათ შორის უცხოელების მხრიდან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, იმის ნაცვლად, რომ ევროპა ღიად გმობდეს ძალადობას, „ევროპის სახალხო პარტია“ ღიად გამოხატავს მხარდაჭერას ლევან ხაბეიშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ.
„დღემდე „ნაციონალური მოძრაობა“ რჩება „ევროპის სახალხო პარტიის“ წევრად. მათ შორის ჰქონდათ მათ მხარდამჭერი განცხადება ხაბეიშვილთან დაკავშირებით. აბსოლუტური სკანდალია. რა ევროპაზე შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც „ევროპის სახალხო პარტია“, რომელიც რამდენიმე ქვეყნის სახელისუფლებო პარტიას აერთიანებს მხარს უჭერს ექსტრემიზმს და შიდა ტერორიზმს. გაცხადებული მიზანი აქვთ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლისა და ამის მიმართ იჩენენ მხარდაჭერას. ვინც ექსტრემიზმს მხარს უჭერს, ის ტერორიზმს მოიმკის და მოიმკის საკუთარ ქვეყანაში.
საბოლოო ჯამში საკუთარ ტანზე იგრძნობს ადამიანი თუ ქვეყანა იმ შედეგს, რომელსაც სხვაგან აყენებს. როდესაც დამხობას და ასეთ ტერმინოლოგიას, ექსტრემიზმს მხარს უჭერენ ევროპული ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, „ევროპის სახალხო პარტიის“ სახით, საბოლოო ჯამში ამ ყველაფერს მიიღებენ თავისთან. ამ „ჯინს“ თუკი სხვაგან უშვებენ გარეთ, საკუთარ ქვეყანაში მიიღებენ ზუსტად იმავეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.