შალვა პაპუაშვილი: სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. დიპლომატები დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა აქტორები შიდა პოლიტიკაში

შალვა პაპუაშვილი: სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. დიპლომატები დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა აქტორები შიდა პოლიტიკაში

სრულად ვიზიარებ პრეზიდენტ მაკრონის მიდგომას. რა თქმა უნდა, სწორია, როცა სახელმწიფო აკვირდება იმას, რომ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატები მოქმედებდნენ ვენის კონვენციის ფარგლებში, - ასე გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც აშშ-ის ელჩი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დიპლომატებს აქვთ პრივილეგიები, რომელთა საპირწონედ დგას ის თავშეკავება, რაც მათ შიდა საკითხებში ჩარევაზე უარის თქმის სახით უნდა გამოიჩინონ.

„ამა თუ იმ ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრისთვის არსებობენ პოლიტიკოსები, მათივე ქვეყნის ხელმძღვანელები. პრეზიდენტმა მაკრონმა სწორედ ამაზე ისაუბრა, რომ დიპლომატები დიპლომატიის ფარგლებში უნდა დარჩნენ, უნდა იყვნენ ხიდი ხელისუფლებებს შორის და არა აქტორები შიდა პოლიტიკაში. სრულად მისასალმებელია პრეზიდენტ მაკრონის ეს დამოკიდებულება. ვხედავთ, როდესაც სხვადასხვა ქვეყანა თავად ხდება ასეთი ჩარევის ობიექტი, მათ შორის გახსოვთ საფრანგეთის განცხადება არჩევნებში ჩარევაზე, როდესაც ილონ მასკთან დაკავშირებით ჰქონდათ პრეტენზიები, აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებ, რომ ეს გამოცდილება სხვა თვალით შეახედებს და დააფიქრებს საკუთარ ქმედებებზე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელს.

მხოლოდ მივესალმები, რომ პრეზიდენტმა მაკრონმა ცხადად განაცხადა, რომ დიპლომატების მისია არის დიპლომატების საქმიანობა და ხიდის გადება ორ სახელმწიფოს შორის. პოლიტიკოსები პოლიტიკურ განცხადებებს რამენაირად მიხედავენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-ის ელჩის, ჩარლზ კუშნერის მიერ საფრანგეთის კრიტიკა დიპლომატისთვის „მიუღებელია“.