პროკურატურამ თენგიზ გუნავას ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა თენგიზ გუნავას უკანონო დაკავებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, გამოძიება დაასრულა.
გამოძიებით დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა დარღვევებით წარიმართა, თუმცა, მისთვის იარაღის და ნარკოტიკის ჩადება არ დასტურდება.
როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა განხორციელდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, გამოძიებით არ დასტურდება დაკავებისას თენგიზ გუნავასთვის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების ჩადების, ასევე სამინისტროს შენობაში მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხის იძულებით დალევინების ფაქტები.
"ამ მხრივ გამოძიებას ხელთ გააჩნია მხოლოდ თენგიზ გუნავას ჩვენება, რაც არ არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიების მიერ ვერ იქნა მოპოვებული სხვა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც განამტკიცებდა თენგიზ გუნავას ჩვენებას", - ნათქვამია პროკურატურის დადგენილებაში.
აქვე აღნიშნულია, რომ მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევა დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ პოლიციელებმა თენგიზ გუნავას ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. შესაბამისად, ამ ნაწილში პოლიციელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს.
გამოძიების აზრით, თენგიზ გუნავას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შემდგომ განვითარებული მოვლენების არასწორი ასახვა განპირობებული იყო ერთის მხრივ, არსებული არასწორი პრაქტიკის ინერციით და მეორეს მხრივ, სათანადო დოკუმენტების უფრო კომფორტულ ვითარებაში გაფორმების სურვილით.
"ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს პოლიციელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რადგან ისინი მოქმედებდნენ ლეგიტიმური მიზნით (გამოევლინათ და აღეკვეთათ დანაშაული) და მხოლოდ უსწორობები, რომლებიც მოიძიება ამ სისხლის სამართლის საქმეში, არ შეიძლება გახდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი. ამასთან, თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში დაშვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევები პოლიციელებს არ ათავისუფლებს საერთოდ პასუხისმგებლობისგან", - აღნიშნულია დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, თენგიზ გუნავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციის ან სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა, რის გამოც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უნდა შეწყდეს.