"ეროვნული ფორუმის" ერთ-ერთი ლიდერის გუბაზ სანიკიძეს განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" კლასი ძალიან დაცემულია, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია".
ამის შესახებ სანიკიძემ "მაესტროს" პრეს-კლუბში, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
"უმცირესობა ამბობს, რომ პრეზიდენტი არ გამოიყენებს მთავრობის დათხოვნის უფლებამოსილებას, მაგრამ მაინც ეწეროს კონსტიტუციაშიო. ეწეროს, მაგრამ არ გამოვიყენებთ – ეს რაღაც სიშლეგის ზღვარზე გადის. ვერ გამოიყენებენ, რადგან ამას საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერა მაინც სჭირდება. საუბრები იმაზე, სამოქალაქო დაპირისპირება შეიძლება, მოხდეს, არარეალურია, რადგან სამოქალაქო დაპირისპირებას ორი მხარე სჭირდება, მეორე მხარე კი არ არის. საზოგადოება არ არის გაყოფილი, ის ერთიანია და მას არ უნდა "ნაციონალური მოძრაობა", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე აზრით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც საკონსტიტუციო ცვლილებები პოლიტიკურ ამნისტიას მიაბა.
"ისინი ერთმანეთს უკავშირებენ საკითხებს, რომლებიც ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის. "ნაციონალური მოძრაობის" კლასი არის დაცემული, მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრი ნიჭიერი ადამიანია. როგორც ჩანს, ისინი ვერ გასწორებიან პოლიტიურად ვერასოდეს, ისეთი დარტყმა მიიღეს პირველ ოქტომბერს", - განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, არჩევნებში დამარცხებულ გუნდს ხელისუფლებიდან ღირსეულად წასვლის უნარიც კი არ აქვს.