ბუტა რობაქიძის საქმეზე მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი დაიკითხა, - ამის შესახებ საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა გადაცემა "ღია ეთერში". კბილაშვილის თქმით, როგორც ირაკლი ოქრუაშვილი ჩვენებაში ამბობს, ის მომხდარის შესახებ ინფორმირებული არ იყო.
"იმ ადამიანებისგან, რომლების დაკითხვაც ჩვენ განვახორციელეთ, ირაკლი ოქრუაშვილის ინფორმირებულება არ ჩანს. თუმცა, როგორც ადამიანს მაქვს განცდა, რომ დღეს, რომ მომხდარიყო მსგავსი რამ, მე როგორც მთავარი პროკურორი ამის შესახებ ინფორმირებული ვიქნებოდი. ამიტომ ეჭვის თვალით ვუყურებ, რომ არ იყო ინფორმირებული, თუმცა ეჭვი არ არის კარგი ამხანაგი თუ მტკიცებულება არ გაქვს თან", - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.
რაც შეეხება დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსის ირაკლი ფირცხალავას მიერ ამავე საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალას, კბილაშვილის თქმით, მას ექსპერტიზა სამ ქვეყანაში - საქართველოში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩაუტარდება.
"წარმოდგენილია ახალი მტკიცებულება - ვიდეომასალა და ჩვენ გვმართებს, ეს ვიდეომასალა შევისწავლოთ. შესწავლის წინ, სანამ შინაარსობრივად გავყვებით ამ ვიდეომასალას და გავაანალიზებთ - პირველ პლანზე დგება საკითხი მისი ნამდვილობის შესახებ. იგეგმება საქართველოში, გერმანიასა და ამერიკის შეერთებული შტატებში ექქსპერტიზის ჩატარება მის სინამდვილეზე. ვიდრე ეს არ დადგინდება ყველა განცხადება ამ კადრების შესახებ იქნება მხოლოდ მსჯელობა", - აღნიშნა კბილაშვილმა.