"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი თბილისის მერისთვის გიგი უგულავასთვის ბრალის წაყენებას პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შიშს უკავშირებს.
მისი თქმით, გიგი უგულავას წინააღმდეგ ბრალის წაყენების შესახებ ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი პირადი გადაწყვეტილება ოპოზიციის გუშინდელი განცხადების გამოძახილია, 19 აპრილს რუსთაველზე დიდი მიტინგის ჩატარების შესახებ.
"იმდენად შეეშინდა ბიძინა ივანიშვილს ხალხის და მან იცის, რომ 19 აპრილს ძალიან ბევრი ადამიანი მოვა და დააფიქსირებს საკუთარ პოზიციას საქართველოს მომავალზე, რომ მან გადაწყვიტა ღიად განახორციელოს რეპრესიები ლიდერების წინააღმდეგ", - აღნიშნა მერაბიშვილმა "რუსთვი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" სტუმრობისას.
თბილისის მერი გიგი უგულავა პასუხისგებაშია მიცემული და ბრალს ხვალ წაუყენებენ. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მითვისება, გაფლანგვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტებზე გამოტანილია დადგენილება თბილისის მერის, გიგი უგულავას ბრალდების შესახებ, რის საფუძველზეც, 23 თებერვალს, 14:00 საათზე, იგი დაბარებულია საგამოძიებო ორგანოში ბრალდების წაყენებისა და მის მიმართ სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების მიზნით.