თბილისის მერი გიგი უგულავა ცდილობს, იუმორით შეხედოს იმ ბრალდებებს, რომლებსაც საგამოძიებო ორგანოები უყენებენ. როგორც უგულავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა , ბრალდებები,სრულიად უსაფუძვლოა.
"გარკვეულწილად ვღელავ, რადგან ჩემს ცხოვრებაში პირველად არის, როდესაც ბრალდებულის სტატუსს ვატარებ, თუმცა ამავე დროს, მინდა სიამაყით აღვნიშნო და მადლობა გადავუხადო გამოძიებას, აღვირახსნილი კამპანიის, დაშინების ჩემი ოჯახის წევრების, ფონზე ორი ბრალდება ძლივს ამოღერხა საფინანსო პოლიციამ. პირველი ბრალდება ცნობილია საზოგადოებისთვის და ამის შესახებ ვისაუბრე კიდეც. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გამოძიება ამ საკითხში გვედავება ადამიანის დასაქმებას. მე აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, რომ დიახ, ეს ადამიანები დავასაქმეთ და ვფიქრობ, რომ გავაკეთეთ სწორი. ამაში არანაირი დანაშაული არ არის. ასევე ვთვლი, რომ გამოძიებამ თავის ბნელ და ჩახუთულ ოთახებში ის 700 ქალბატონი, რომელიც მიიყვანა, ცალმხრივად წარმართა და მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლოზე, თავისუფალ გარემოში იქნება ჩვენებების თავისუფლად მიცემის საშუალება და გამოჩნდება სრული სიმართლე. ამ დროისთვის შემიძლია კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ გამოძიება ამ ეპიზოდში ფულის არა მოპარვას, არამედ ხელფასების დარიგებას გვედავება, რაც უკვე დიდი მიღწევაა სამართლიანობის აღდგენის გზაზე. მე ვცდილობ მოვახერხო ირონიით შევხედო ამ ბრალდებებს. აქამდე ჩვენ თუ მოგვიწოდებდნენ გაგებით მოვეკიდოთ აღვირახსნილ კამპანიას, დღეს უკვე ირონიით უნდა მოვეკიდოთ იმ ცინიზმს, რომელიც ბიძინა ივანიშვილისგან მოდის და მან დღევანდელი განცხადებებით უდანაშაულოს პრეზუმფცია დაარღვია", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, მეორე ბრალდებაც აბსურდის მწვერვალია.
" მე აქაც ვადასტურებ და ვამაყობ იმით, რომ რიყის ტერიტორია იყო დანიავებული, გაყიდული ნაწილ-ნაწილ. მე ვამაყობ, რომ ეს მარგალიტი ჩემი მერობის პერიოდში დაუბრუნდა ხალხს, არის ქალაქის სამსახურში და უამრავი ადამიანი სეირნობს აქ. ბრალდება აქაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ თურმე ფული, რომელიც დაკავშირებული იყო გარკვეულ ტრანზაქციებთან, წაუღია ჯოზეფ ქეის. ტელევიზია "იმედი" დღეს არის პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრება და ბრალს მიყენებენ მე. ესეც რა თქმა უნდა აბსურდის თეატრის ჟანრია და მე სულ მცირე, დეტალებზე იმიტომ ვერ ვისაუბრებ, რომ გამოძიებამ იმდენი პატივი მაინც არ დასდო საზოგადოებას, მუხლები მაინც დაესახელებინა და ეთქვა საზოგაოდებისთვის, რომ სხვადასხვა მუხლებით ედება ბრალი ქალაქის მერს. მადლობელი ვარ იმისთვის, რომ აღიარეთ, რომ კორუფცია გამოიხატება იმაში, რომ დავარიგეთ ხელფასები; კორუფცია გამოიხატება იმაში, რომ თურმე მესამე პირმა რაღაც წაიღო და ამაშიც არ გვედავებიან, რომ ვინმემ რაიმე სახლში წაიღო. მე დარწმუნებული ვარ სასამართლოზე უფრო მეტ დეტალს გავიგებ", - განაცხადა უგულავამ.
მისივე თქმით, რიყესთან დაკავშირებით გამოძიება ცალმხრივად მიმდინარეობს.
"რიყესთან დაკავშირებით გამოძიება ცალმხრივად მიმდინარეობს. 2005 წლიდან მოყოლებული, როდესაც გავხდი მერი, ივანიშვილს ჰქონდა სურვილი დაპატრონებოიდა ამ ტერიტორიას. მან ეს მოახერხა ქალაქის იპოდრომის ნაწილზე, თუმცა ვერ მოახერხა ეს რიყეზე. ესეც ის დეტალია, რომელიც სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს", - განაცხადა უგულავამ.