აზერბაიჯანის "სახელმწიფო სანავთობო ფონდმა" ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის დაფინანსება გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
ფონდის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ "სახელმწიფო სანავთობო ფონდმა" საქართველოს მონაკვეთის დაფინანსება 775 აშშ მილიონამდე გაზარდა. 2013 წლის 1 იანვრამდე პროექტის დაფინანსებაზე ფონდს 431,3 მილიონი დოლარი ჰქონდა გამოყოფილი.
"ბაქო-თბილისი-ყარსის" სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში ახალი, 105 კმ-იანი სარკინიგზო მაგისტრალის აგება იგეგმება. პროექტი ასევე ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე ახალქალაქი-მარაბდა-თბილისის 160-კილომეტრიანი სარკინიგზო ხაზის რეკონსტრუქციას და ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე ახალი, 25 კილომეტრის სარკინიგზო ხაზის მშენებლობას.
პროექტის დასრულება 2013 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი და, სავარაუდოდ, ექპსლუატაციაში 2014 წლიდან შევა.