საქართველოს პრემიერ-მინისტრი არქიტექტურულ პროექტებთან დაკავშირებით თბილისის მერთან შეხვედრას არ აპირებს.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გიგი უგულავას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას განუცხადა, თავად არქიტექტორი არ არის, თუმცა მშენებლობის გაცილებით დიდი გამოცდილება აქვს, ვიდრე ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს.
"გემოვნებაც უკეთესი მაქვს, ყოველ შემთხვევაში ასეთ უგემოვნობებზე მე ხელს არ მოვაწერდი. მე გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად არ ვიღებ და სპეციალისტებს ვეკითხები, რასაც ისინი ვერ ახერხებენ. ეს არის მენეჯმენტი და მერს ამის ნიჭი და განხორციელების საშუალება უნდა ჰქონდეს, თუმცა პრეზიდენტი უფრო მეტს აქტიურობს. მოვუწოდებ მათ სპეციალისტები სწორად შეარჩიონ და მათ გადაწყვეტილებებს დაუჯერონ. მე არ ვაპირებ უგულავასთან შეხვედრას, რადგან არქიტექტორი არ ვარ და არც მას აქვს ეს პროფესია. ყველა ასეთი საკითხი სპეციალისტებმა უნდა გადაწყვიტონ", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
თბილისის მერმა დღეს გააკეთა განცხადება მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით და მთავრობას ამ საკითხზე კონსულტაციებისკენ მოუწოდა.