საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, 19 აპრილის აქციას იუმორით მიუდგნენ.
როგორც ივანიშვილმა ჟურნალისტებს დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, ქართველ ხალხს იუმორის კარგი გრძნობა აქვს, შესაბამისად, მათ რაც შეიძლება მეტი იუმორი უნდა გამოიყენონ 19 აპრილის აქციასთან დაკავშირებით, რადგან ეს საკითხი სერიოზულ ანალიზს არ ექვემდებარება.
"50 დღით ადრე ცხადდებოდეს ასეთი აქციები, სად გინახავთ. მივმართავ საზოგადოებას, ყურადღება აღარ მიაქციონ ამგვარ განცხადებებს. ჩვენ მათთან თანაცხოვრება უნდა ვისწავლოთ, ვიდრე სიცრუის ნაცვლად კონსტრუქციულ პოზიციაზე გადავლენ. ჩვენი საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ ეჭვი არავის გამოუთქვამს. შესაბამისად, რატომ ამტვრევენ ღია კარს, გაუგებარია", - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
ჟურნალისტების კითხვას, რას შეიძლება ემსახურებოდეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილი აქცია, ივანიშვილმა უპასუხა, რომ ეს მხოლოდ საზოგადოების გამხიარულებას და მოსახლეობისთვის ღიმილის მოგვრას შეიძლება ემსახურებოდეს.