1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ სპეციალური განცხადების მიღებაზე "ნაციონალურ მოძრაობას" დღეს ბიურომ უარი უთხრა.
ამ უარის მიუხედავად, ზოგადად, საბჭოთა რეჟიმის რეპრესიები პარლამენტში მსჯელობისა და მის მიერ სპეციალური განცხადების მიღების საკითხი, შესაძლოა მაინც გახდეს.
დეპუტატების სერგო რატიანისა და ნუგზარ წიკლაურის ავტორობით მომზადებულ განცხადების პროექტთან დაკავშირებით, უმრავლესობის ლიდერებმა აღინიშნეს, რომ საბჭოთა რეპრესიები და დეპორტაციები მხოლოდ ინგუშ და ჩეჩენ ხალხს არ შეხებია. მათი თქმით, რეპრესიები სხვა ხალხებმაც გადაიტანეს და უმჯობესი იქნება, თუ აღნიშნულ საკითხზე პარლამენტი უფრო მასშტაბურად და სრულყოფილად ისაუბრებს. ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა წინა მოწვევის პარლამენტის მიერ ჩერქეზების გენოციდის აღიარების ფაქტიც გაიხსება და განაცხადა, რომ მაშინდელი უმრავლესობის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკურ მიზანს ემსახურებოდა, თემა კი, უფრო მასშტაბურია.
თემის მნიშვნელობასა და დელიკატურობაზე გაამახვილა ყურადღება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით შესაძლებელია ერთიანი სერიოზული დოკუმენტის მომზადება, მაგრამ არა ერთ-ორ დღეში.
უსუფაშვილმა კოლეგებს ისიც სთხოვა, რომ თუ განცხადების ავტორები წარმოდგენილი ინიციატივის დღის წესრიგში შეტანის საკითხს სესიაზე დააყენებენ, პასუხად მხოლოდ ფორმალური არგუმენტებით შემოიფარგლონ და საკითხის შინაარსობრივ განხილვაში არ შევიდნენ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარლამენტისთვის შეთავაზებული განცხადების პროექტი 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩენი და ინგუში ხალხების დეპორტაციას ეხება და მასში წარმოადგენილია ინიციატივა 23 თებერვლის კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ გამოცხადების შესახებ.
პროექტში აღნიშნულია, რომ 1944 წლის 23 თებერვალს განხორციელდა საქართველოს მოძმე ერების - ინგუშებისა და ჩეჩნების დეპორტაცია სამშობლოდან შუა აზიის რესპუბლიკებში, ჩრდილოეთ კავკასიიდან გაასახლეს ნახევარ მილიონამდე ჩეჩენი და ინგუში, დეპორტაციას თან ახლდა ადამიანების ინდივიდუალური და მასიური მკვლელობები, მონური შრომა საკონცენტრაციო ბანაკებში, ფიზიკური ტერორის სხვა ფორმები, შიმშილი და ეპიდემიები, რამაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი, მათ შორის ქალები, ბავშვები და მოხუცები შეიწირა.
პროექტში ნათქვამია, რომ საქართველო სრულად იზიარებს ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიას და პატივს მიაგებს საბჭოთა ტოტალური რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ადამიანთა ხსოვნას. განცხადების პროექტში ნათქვამია, რომ საბჭოთა რეპრესიები არის ის საერთო ტრაგედია, რაც საქართველომ კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად გამოიარა და აღნიშნულია, რომ პარლამენტი ისურვებდა, ასეთი რამ კავკასიაში აღარ განმეორდეს.
"ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ტოტალური კომუნისტური რეჟიმების მიერ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულები ნაცისტური გერმანიის დანაშაულისგან განსხვავებით ჯერ კიდევ არაა ჯეროვნად შეფასებული. დარწმუნებული ვართ, რომ ისტორიის ზუსტი და ადეკვატური შეფასება, საზოგადოების და განსაკუთრებით ახალგაზრდების ინფორმირება იქნება საფუძველი, რათა მომავალში მსგავსი დანაშაულები აღარ განმეორდეს. კიდევ ერთხელ გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება ინგუში და ჩეჩენი ერების ტრაგედიის მიმართ და სამომავლოდ ვისურვოთ, ჩვენი ერების ერთიან მშვიდობიან და განვითარებულ კავკასიში ცხოვრება. საქართველოს პარლამენტი გამოდის ინიციატივით, 23 თებერვალი გამოცხადდეს კავკასიელი ხალხების სოლიდარობის დღედ" – ნათქვამია განცხადების პროექტში.