საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება , მათ შორის – აშშ-ის, ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი.
შეხვედრა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" მიმდინარეობს და მასში, პრემიერ-მინისტრთან ერთად, მონაწილეობენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე და პრემიერმიისტრის მრჩეველი თამარ ჩუგოშვილი.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ეს არის პირველი მასშტაბური შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთან 100-დღიანი მუშაობის შემდეგ. ზოგადად კი, საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, დიპლომატებთან ინტენსიური კავშირი აქვთ.
მაია ფანჯიკიძის თქმით, შეხვედრაზე დიპლომატებს მიაწვდიან ინფორმაციას, თუ რა გაკეთდა ამ ხნის განმავლობაში და რა არის დაგეგმილი.
დღევანდელი შეხვედრა, მინისტრის თქმით, დიპლომატიური კორპუსის უკეთ ინფორმირებას ემსახურება.