კომპანია "თბილისის მიკროავტობუსსა" და გაფიცულ მძღოლებს შორის მოლაპარაკებების შედეგად შეთანხმება ვერ შედგა. მძღოლები გაფიცვას უვადო რეჟიმით განაგრძობენ.
როგორც გუშინ, გვიან საღამოს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განუცხადეს, მათი მთავარი მოთხოვნა, რომელიც ეხებოდა გეგმის შემცირებას, კომპანიის წარმომადგენლებმა არ გაითვალისწინეს. მძღოლების შეფასებით, მიიღეს არაადეკვატური შეთავაზება, რომელიც რეალურ სურათს არანაირად არ ცვლის.
კერძოდ, მძღოლების მოთხოვნა დღიური გეგმის შემცირება იყო, კომპანიის მხრიდან კი იყო საუბარი გეგმის მხოლოდ ერთ ნაწილში შეღავათის გაკეთებაზე და ე.წ. საგზურის გადასახადის 30 პროცენტის შემცირებაზე, რაც მძღოლებისთვის მიუღებელია. მათი განმარტებით, სრული გეგმის შემადგენლობაში იგულისხმება სხვადასხვა ხარჯები, მათ შორის ტექნიკური ხარჯები, ხოლო ე.წ. საგზურის გადასახადი მთლიანი გეგმის მხოლოდ მცირე ნაწილია. შესაბამისად, მათი თქმით, ამ გადასახადის 30 პროცენტით შემცირება მათთვის იქნება მხოლოდ მიზერული თანხის შეღავათი, მაგალითად 3-დან 5 ლარის შეღავათი საშუალოდ.
მძღოლების განცხადებით, ისინი ამ ეტაპზე ვერ ხედავენ სიტუაციიდან გამოსავალს და გაფიცვას გაურკვეველი ვადით განაგრძობენ. მათივე თქმით, სავარაუდოდ, ეს პროცესი კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს და არ არის გამორიცხული, რომ მიკროავტობუსების მძღოლებს ავტობუსების და სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებიც შეუერთდნენ.
ამ ეტაპზე სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავს ვერც "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელობა. როგორც კომპანიის დირექტორმა გიგლა ჯაბიშვილმა აღნიშნა, თუ რა რეჟიმში გაგრძელდება მოლაპარაკებები, ამაზე განცხადებები მომავალში გაკეთდება.
თბილისის მიკროავტობუსების მძღოლები უკვე მეექვსე დღეა გაფიცულები არიან