ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო წუხს, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონი კომისიის მოსაზრებების მიღებამდე დაამტკიცეს.
როგორც ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბრისას ბუკიკიომ განაცხადა, "ამნისტიის შესახებ" კანონსა და სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის მოსაზრებები ცნობილი 8-9 მარტს კომისიის მორიგ შეხვედრაზე გახდება.
"ვწუხვარ, რომ "ამნისტიის შესახებ" კანონი დაამტკიცეს მანამ, სანამ მიიღებდნენ ჩვენს მოსაზრებებს, მაგრამ ამასთან, მესმის იმ ხალხის მდგომარეობა, რომლებიც ციხეებში იყვნენ და ახლახან გაათავისუფლეს ამ კანონის წყალობით. საპარლამენტო ასამბლეის მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ განვიხილავთ არა მთლიან კანონს, არამედ იმ ნაწილს, რომელიც პოლიტიკურ პატიმრებს შეეხებათ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ, იყვნენ თუ არა ისინი პოლიტიკური პატიმრები, არამედ ჩვენ შევეხებით მხოლოდ პროცედურულ საკითხებს", - აღნიშნა მან.