საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილის საცხოვრებელ სახლთან საპროტესტო აქცია გაიმართა.
როგორც მარინა ესელიძემ განაცხადა, ბათუმში, გორგილაძის #37-ში მდებარე ფართი 2006 წლამდე მისი ოჯახის საკუთრება იყო. მისივე თქმით, პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე საცხოვრებელი ბინა გიორგი პაპუაშვილს სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად საკუთრებაში მას შემდეგ გადაეცა, რაც მისი ქმარი როლანდ ბლადაძე სახელმწიფო ქონების მითვისება-გაფლანგვაში დაადანაშაულეს. მარინა ესელიძე სახელმწიფო სტრუქტურებს სამართლიანობის აღდგენასა და საცხოვრებელი ბინის დაბრუნებაში დახმარებას სთხოვს.
"გამოსახლებიდან 8 თვის შემდეგ, ბინაში რემონტი დაიწყო და პრეზიდენტმა სიმბოლურ ფასად - 1000 ლარად გიორგი პაპუაშვილს გადასცა. დღეს ჩემი სახლი გიორგი პაპუაშვილის საკუთრებაში ირიცხება. მივმართავ სასამართლოს, პროკურატურას და ახალ მთავრობას, მიღონ შესაბამისი ზომები და დამიბრუნონ ჩემი სახლი", - აღნიშნა მარინა ესელიძემ.
აქციაზე ესელიძის ახლობლები იმყოფებოდნენ, რომლებმაც პლაკატები გამოფინეს, წარწერით, "წადი ჩემი სახლიდან". მარინა ესელიძე სამ შვილთან ერთად საქართველოში 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაბრუნდა, ხოლო მისი მეუღლე როლანდ ბლადაძე რუსეთში ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს.