„ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მოუწოდებს - რუსეთის მხრიდან, საქართველოს დსთ-ში დაბრუნებასთან დაკავშირებულ განცხადებაზე საპასუხო პოზიციის დროულად დაფიქსიროს.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მიხეილ ევდოკიმოვმა ქართველი ხალხისთვის საკმაოდ დამაფიქრებელი და საგანგაშო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობასთან დსთ-ში დაბრუნების საკითხზე კონტაქტები უკვე დაწყებულია.
„თუ ასეთი მოლაპარაკებები რეალურად მიმდინარეობს, ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების უგულვებელყოფა და ღალატი. ამ საკითხზე, მთავრობამ სასწრაფო რეაგირება უნდა მოახდინოს. კერძოდ, თუ ასეთი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, დეზინფორმაციის გავრცელების გამო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური საპროტესტო ნოტით რუსეთის საგარეო უწყებას უნდა მიმართოს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ დაავალოს შესაბამის უწყებებს და სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს, რომ თუ ასეთი კონტაქტები და საუბრები არ მიმდინარეობს, ამაზე საუბარი დროულად შეწყდეს“, - აცხადებს კანონმდებელი.
გაბაშვილის შეფასებით, იმ ფონზე, როცა საქართველო არის ოკუპირებული, ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკება თანამეგობრობაზე რუსეთთან არის ქვეყნის ინტერესების ღალატი.
„თუ ჩვენს წინადადებებს არ გაიზიარებენ, ჩავთლით, რომ საქართველოს მთავრობას არა მხოლოდ გადახვეული აქვს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსიდან, არამედ ძალიან სწრაფი ტემპებით, მოლაპარაკებებისა და სხვადასხვა კონტაქტების, საუბრების საშუალებით საქართველოს უკან, დსთ-ში მიათრევს“, - განაცხადა გაბაშვილმა.