პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის მინისტრს სამხედრო სამსახურში გაწვევის დღევანდელი სისტემის ცვლილების იდეაში ეთანხმება.
როგორც გორში, სამხედრო აკადემიის კურსანტებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა განაცხადა, ოფიცრის პროფესია დღეს ძალიან პრესტიჟულია და სამხედრო აკადემიაც აბიტურიენტებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
„ეს საზოგადოების მხრიდან ქვეყნის პრიორიტეტების ახლებურ ხედვაზე მიუთითებს. შვილების ჯარში გაშვება პრესტიჟული უნდა იყოს. დღევანდელი გაწვევის სისტემა უსამართლოა და თავდაცვის მინისტრს ვეთანხმები, რომ ამ ფორმით არ უნდა შენარჩუნდეს, მაგრამ ზოგადად, არ შეიძლება, საზოგადოება შეიარაღებულ ძალებს გაემიჯნოს. დღევანდელი სისტემა უსამართლოა, რადგან ვინც უპატრონო და დაუცველია, ხშირად ის ხვდება გაწვევის სისტემაში და სხვები - არა. თუმცა, საქართველოს შეიარაღებული ძალები მხოლოდ პროფესიული კომპონენტით ვერ იქნება. საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვისი შვილიც უნდა იყოს იგი - პრეზიდენტის, მთავრობის წევრის, ბიზნესმენის, სტუდენტი - ცხოვრების განმავლობაში რაღაც ფორმით უნდა ჰქონდეს შეხება შეიარაღებულ ძალებთან, თუნდაც ექვსი ან ცხრა თვით“, - აცხადებს პრეზიდენტი.
მისი თქმით, 2008 წელს რეზერვისტების სისტემა ვერ გაიყენეს, რადგან საკმარისი ოფიცრები არ იყვნენ.
„რეზერვისტს მეთაური სჭირდება. როდესაც, ოფიცრები გვეყოლება, რეზერვის სისტემას აზრი და დანიშნულება ექნება. მერე სხვაგვარად შეიძლება კადრირებული ბრიგადების შექმნა. დღევანდელი გაწვევის სისტემა უნდა შეიცვალოს, მაგრამ, ღმერთმა არ ქნას, ისეთი სისტემა შევქმნათ, სადაც ქართველი დაიბადება, გაიზრდება და ისე მოკვდება, რომ შეიარაღებულ ძალებთან შეხება არ ექნება“, - განაცხადა პრეზიდენტმა.