ყვითელი მიკროავტობუსების გაფიცული მძღოლები ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნაზე, რომელიც დღიური გეგმის შემცირებას ეხება, "თბილისის მიკროავტობუსის" პასუხს ელოდებიან.
შეხვედრა მერიაში გრძელდება და კომპანიის წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიციის დასაფიქსირებლად ერთსაათიანი ვადა ითხოვეს.
როგორც ჟურნალისტებს შეხვედრის მონაწილე ლაშა ჩხარტიშვილმა განუცხადა, "თბილისის მიკროავტობუსი" ერთთვიან ვადას ითხოვს ყველა პრობლემის მოსაგვარებლად, ხოლო მძღოლები აცხადებენ, რომ გეგმის 30-პროცენტიანი შემცირება ხვალიდანვე უნდა განხორციელდეს.
"თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლებმა ითხოვეს ერთთვიანი ვადა, რათა ყველა პრობლემა, მათ შორის გეგმის შემცირება მოაგვარონ. მძღოლები კი აცხადებენ, რომ ხვალიდანვე უნდა განხორციელდეს გეგმის შემცირება 30 პროცენტით, თუნდაც, ეს იყოს დროებით და მოქმედებდეს ერთი თვის განმავლობაში, შემდეგ უკვე როგორც მძღოლები ამბობენ, ისინი ერთობლივად იმუშავებენ ახალი ტარიფის მოფიქრებაზე", - აღნიშნა ჩხარტიშვილმა.
შეხვედრა თბილისის მერიაში, რომელსაც მძღოლების საინიციატივო ჯგუფის წევრები, ქალაქის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი და "თბილისის მიკროავტობუსის" წარმომადგენლები მართავენ, უკვე ორი საათია მიმდინარეობს.