პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში მოსვლა ყველაზე მნიშვნელოვანი დღე აღარ იქნება, რადგან პირველი ოქტომბრის შემდეგ, პოლიტიკურ ცხოვრებას ის აღარ განსაზღვრავს, რის გამოც, საქართველოში ქვეყნის პირველი პირი უკვე უმნიშვნელო ფიგურაა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი პარლამენტში სავარაუდოდ, თებერვლის დასაწყისში მოვა.
„არ ვიცით, სააკაშვილი რამდენად მზად არის შეკითხვების მოსასმენად და მასზე პასუხების გასაცემად. შეკითხვები ბუნებრივია ბევრი იქნება. პრეზიდენტმა მისი პრეზიდენტობის ორ ვადაში ფაქტობრივად არც ერთი დაპირება არ შეასრულა. კერძოდ, არც ნატო-ში გაწევრიანებასთან, არც პენსიებთან და არც სხვა საკითხთან დაკავშირებით. პრეზიდენტმა შეუსრულებელი დაპირებების თაობაზე გინესის ყველა რეკორდი მოხსნა“, - აცხადებს დეპუტატი.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილი წლიური ანგარიშით საგაზაფხულო სესიაზე უნდა წარდგეს. პრეზიენტის პარლამენტში სტუმრობას, რეგლამენტი განსაზღვრავს, რომლის მიხედვით, პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს, კონსტიტუციის შესაბამისად, ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებას ისმენს.
ამას გარდა, პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ, შეიძლება შესვენება გამოცხადდეს, რის შემდეგაც დეპუტატთა გამოსვლები იწყება და შეიძლება დებატებიც გაიმართოს. დებატების ფორმატს კი, დეპუტატები ბიუროს სხდომაზე შეაჯერებენ.
საგაზაფხულო სესია თებერვლის პირველ სამშაბათს, ანუ, 5 თებერვალს გაიხსნება.