ევროსაბჭოში საქართველოში მედიის შესახებ რეზოლუციის მიღებისას, უმცირესობის წევრმა, გიორგი კანდელაკმა ქვეყნის ინტერესების საზიანოდ იმუშავა.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, კანდელაკმა მომხსენებელ იოჰანსონს ყურში უჩურჩულა - თუ რა უნდა ეთქვა და რეპორტის ავტორმაც მას ნდობა გამოუცხადა.
„კანდელაკი ევროსაბჭოში ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა და არ არის გამორიცხული, რომ იქ მას მეგობრები შეეძინა. კანდელაკი მუშაობდა იმაზე, რომ რეზოლუციაში ტყუილი ჩაწერილიყო. აღნიშნულ რეზოლუციაში მინიმუმ სამი უზუსტობაა. კერძოდ, მასში ნათქვამია, რომ თითქოს ახალმა ხელისუფლებამ საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავლენის მოპოვების მიზნით, ძველი დირექტორი მოხსნა და ახალი დანიშნა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. რეზოლუციაში ასევე ნათქვამია, რომ დემოკრატიას დიდი საფრთხე იმით შეექმნა, რომ კერძო ტელევიზიაში მფლობელი გამოიცვალა. როგორც ვიცით, მფლობელი მხოლოდ „იმედში“ გამოიცვალა, რაც იმას ნიშნავს, რომ მიტაცებული ტელევიზია კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნდა და მესამე უზუსტობა არის ის, რომ თითქოს საქართველოს ხელისუფლება პრემიერ-მინისტრის სახით ზრუნავს, რომ მისი მეუღლის მფლობელობაში მყოფი ტელევიზია საზოგადოიებრივ მაუწყებელს შეუერთოს, რაც ასევე არ არის მართალი“, - განაცხადა დეპუტატმა.