ამ წუთებში, ქუთაისის მერიასთან ხორცით მოვაჭრეები საპროტესტო აქციას მართავენ.
როგორც for.ge-ს კორესპოდენტი იტყობინება, აქციაზე დაახლოებით 50 ადამიანია შეკრებილი, რომლებიც მოთხოვნებს აყენებენ.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ქუთაისის ვეტერინარული სამსახურის უფროსი ფიქრია ჩიხრაძე ავალდებულებთ, რომ პირუტყვი სპეციალურ სასაკლაოზე დაკლან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ხორცის რეალიზაცია ეკრძალებათ და რეალიზაციის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებიან.
რაც შეეხება მოთხოვნებს, ხორცით მოვაჭრეები ითხოვენ, რომ ყველა სოფელში ვეტერინალური სამსახური გაკეთდეს, რომ ხორცის დასაკლავად სხვა რაიონში არ მოუწიოთ სიარული. ასევე, არსებულ პირობებში მანამდე გააგრძელონ მუშაობა, სანამ პრობლემა არ მოგვარდება.
მათი შეფასებით, თუ ისინი პირურტყვს ქუთაისში ნიკეაზე განთავსებულ სასაკლაოზე დაკლავენ, მაშინ ერთ კილოგრამ ხორცში ერთი ლარი უნდა გადაიხანონ, რაც მათ ხარჯებს გაზრდის, შესაბამისად, მათი გათვლით, ხორცზე ფასები გაიზრდება და ხორცის ღირებულება დაახლოებით 13-14 ლარი გახდება. ამჟამად კი, ხორცის ფასი 10 ლარია.
აქციის მონაწილეები for.ge-სთან საუბარში აცხადებენ, რომ ისინი სასაკლაოების გახსნის წინააღმდეგნი არ არიან, არამედ ისინი იმ სოფლებში მოითხოვენ სასაკლაოების გახსნას, სადაც პირურტყვს ყიდულობენ.
მათი ცნობით, ისინი პირურტყვს ძირითადად, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მხარეს ყიდულობენ.
აქციის მონაწილეებს ქუთაისის ვიცე-მერი ამირან ძოწენიძე შეხვდა, რომლის განმარტებით, ეს საკითხი სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრეროგატივაა, თუმცა მოვაჭრეების დახმარებას შეეცდებიან.
აღსანიშნავია, რომ მერიის წარმომადგენელებმა მოვაჭრეებთან შეხვედრა მერიის შენობაში სცადეს, მაგრამ აქციის მონაწილებმა მერიაში შესვლა არ ისურვეს და წარმომადგენლის მათთან ჩასვლა მოითხოვეს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ბაზრებში ხორცი უკვე ორი დღეა არ იყიდება.