ბრიტანეთში მყოფმა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის დაზვერვისა და უსაფრთხოების კომიტეტის ხელმძღვანელთან, სერ მალკოლმ რიფკინგთან და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ჯეიმს არბუტნოტთან შეხვედრები გამართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრებზე მხარეებმა ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
"გავაცანით ჩვენი გეგმები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაციისა და თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შესახებ. ზოგადად, ვისაუბრეთ პოლიტიკურ ვითარებაზე, თუ როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყანა 1-ელი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რამდენად სტაბილურად ვითარდება პოლიტიკური პროცესები. ჩვენს პარტნიორებს აინტერესებთ, თუ რამდენად გრძელვადიანი გეგმები გვაქვს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ჩვენ ვისაუბრეთ ავღანეთში ჩვენს თანამონაწილეობაზე გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით. ძალიან კმაყოფილი ვარ იმ მხარდაჭერით, რომელიც ჩვენ გვაქვს გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრების შემდეგ.
დღესვე, ირაკლი ალასანია დიდი ბრიტანეთის პარლამენტარ მარკ რეკლისს შეხვდება და საქართველოზე მომუშავე ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის წინაშე სიტყვით გამოვა. ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში გამართავს შეხვედრებს, სადაც ბრიტანეთსა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს განიხილავენ
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება. მინისტრთან ერთად ბრიტანეთში ასევე გაემგზავრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ვლადიმერ ჩაჩიბაია.
ალასანია საქართველოში 30 იანვარს დაბრუნდება.