2002 წელს "თელასის" მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეში გამოკვეთილი ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, საქმის გადასინჯვა იწყება. როგორც პროკურატურაში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე
მთავარი პროკურატურის ერთ-ერთი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დავით ნიკოლაშვილმა განაცხადა, საქმეში არ არის ჩადებული ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზის პასუხები, რაც მკვლელობაში მსჯავრდებულების დანაშაულს ეჭვქვეშ აყენებს.
არსებული მტკიცებულებების ჭეშმარიტების დასადგენად პროკურატურა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გამოძიებას იწყებს.
ნიკოლაშვილის თქმით, საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული გიორგი გვიჩიანის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა ამერიკაში ექსპერტიზისთვის გადააგზავნა ნიკა ლომინაძის მკვლელობის ადგილიდან მოპოვებული სიგარეტის ნამწვები და თითის ანაბეჭდები.
როგორც ნიკოლაშვილმა განაცხადა, ამერიკაში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა არ ემთხვევა საქმეში არსებულ დასკვნას, რომლის მიხედვით, სიგარეტის ნამწვები და თითის ანაბეჭდები მკვლელობისთვის მსჯავრდებულების მკვლელობის ადგილზე ყოფნას ადასტურებს.
"ვინაიდან სამართალწარმოების მიმდინარეობის დროს საქართველოს პროკურატურას ხელთ გააჩნდა ეს მტკიცებულებები, რომლებიც თავის დროზე არ ყოფილა სასამართლოში წარდგენილი, ამიტომ სასამართლოში შესაბამისი შუამდგომლობით, ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო, საქმის გადასინჯვის შუამდგომლობის მიმართვის მიზნით ხსენებულ ექსპერტიზის დასკვნებს გადავცემთ გია გვიჩიანის ინტერსების დამცველ გელა ნიკოლაიშვილს", - განაცხადა დავით ნიკოლაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურა ბოდიშს უხდის ნიკოლოზ ლომინაძის ოჯახის წევრებს, მათთვის მტკივნეული ამბის გახსენებისთვის და იმის აღიარებისთვის, რომ ლომინაძის მკვლელობა კვლავ გაუხსნელია.
"თუმცა პროკურატურა ვალდებულია გადაამოწმოს ყოველგვარი ეჭვი და საქმეზე დაადგინოს ობიექტური ჭეშმარიტება. იმისათვის, რათა დადგინდეს, თუ რატომ არ დაერთო ექსპერტიზის დასკვნები სისხლის სამართლის საქმეს, მთავარმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით, 332-ე მუხლით გამოძიების დაწყების თაობაზე", - განაცხადა დავით ნიკოლაშვილმა.
ნიკა ლომინაძის მკვლელობის ბრალდებით გასამართლდნენ გია გვიჩიანი, ნოდარ გვიჩიანი, ნიკა ჩემია, ავთანდილ ხერკელაძე და გიორგი პაპაჩაშვილი. გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას გარდა დანარჩენ პირებზე საპროცესო გარიგება გაფორმდა. გია გვიჩიანს და ნიკა ჩემიას კი ლომინაძის მკვლელობისთვის უვადო პატიმრობა აქვთ მისჯილი.