აურზაური 53-ე სკოლაში -

აურზაური 53-ე სკოლაში - "ძველბიჭობის" ბრალდებით 2 მოსწავლე გააგდეს


"რა სისულელეა! რა გინება და რა მუქარა! ხმამაღლაც კი არ მილაპარაკია! ეს კაცი, პირდაპირ გეუბნებით, იტყუება," - ამბობს ვერაზე მდებარე 53-ე სკოლის დირექტორზე ამავე სკოლის უკვე ყოფილი მოსწავლე მიხეილ ალექსიძე. მისივე თქმით, დირექტორმა ის სკოლიდან იმის გამო გააგდო, რომ მის თანაკლასელთან ერთად "მოძველბიჭო ელემენტად" მიიჩნია. თავად დირექტორი კი აცხადებს, რომ "მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშობას და ვამყარებ დისციპლინას სკოლაში."

გუშინ 53-ე სკოლის ეზოში რამდენიმე საათის განმავლობაში მე-11 კლასელების ნაწილი და მათი მშობლები ორი მოსწავლის - ირაკლი მჭედლიშვილის და მიხეილ ალექსიძის - სკოლიდან გარიცხვასა და მათ მიმართ ხულიგნობის მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას აპროტესტებდნენ.

აქცია საკმაოდ ხმაურიანად მიმდინარეობდა. მე-11 კლასელები სკოლის საგულდაგულოდ ჩარაზულ დიდ, შავ ჭიშკარზე აბრაგუნებდნენ და ყვიროდნენ: "გამოდით, გამოდით!" სკოლაში პოლიციის რამდენიმე თანამშრომელიც კი იყო გამოძახებული.

მოსწავლეები და მათი მშობლები ვითარების დაძაბვაში ადანაშაულებენ სკოლის დირექტორს, ტატო შავშიშვილს. ისინი აცხადებენ, რომ ახალდანიშნულმა დირექტორმა მიიღო არაადეკვატური გადაწყვეტილება და სკოლის შინაგანაწესის დარღვევისთვის ბავშვები სამართალდამცავ ორგანოს გადასცა.საქმე აღძრულია სისხლის სამართლის 338-ეს მუხლის მე-3 პუნქტით, რაც ხულიგნობას უკავშირდება.

მარიამ გვაზავა, მე-11 კლასის მოსწავლე: "პარასკევს ირაკლი მჭედლიშვილი ქიმიის მასწავლებელმა გაკვეთილიდან გამოაგდო, რადგან ლაპარაკობდა. მანდატურებმა ის დირექტორთან ჩაიყვანეს. მიკა ალექსიძე მხარდაჭერისთვის ჩავიდა დირექტორის კაბინეტში, სადაც ამ საკითხზე პატარა შელაპარაკება არა, მაგრამ რაღაც კამათივით მოხდა. დირექტორმა კი პოლიციაში იჩივლა. ორივეს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. დირექტორმა პოლიციაში განაცხადა, რომ მოსწავლეებმა შეურაცხყოფა მომაყენეს, მემუქრებოდნენო და ასე ჯგუფურ ხულიგნობაზე იჭერენ ორივეს. მჭედლიშვილი პარასკევს გააგდო და უკვე მიკაც ზედ მიაყოლა."

როგორც თავად მიხეილ (მიკა) ალექსიძე "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, რეალურად ქიმიის გაკვეთილიდან მჭედლიშვილის გარეთ გამოსვლა კი არ იყო მისი სკოლიდან გარიცხვის მიზეზი, არამედ ის, რომ ის დირექტორისთვის "მოძველბიჭო ელემენტს" წარმოადგენდა.

მიკა ალექსიძე: "იმას არ აქვს მნიშვნელობა ქიმიის მასწავლებელმა რატომ გააგდო გაკვეთილიდან ირაკლი მჭედლიშვილი. გაკვეთილზე ლაპარაკობდა და მასწავლებელმა კლასიდან გასვლა მოსთხოვა - ეს ჩვეულებრივი ამბავია. მე ჩავედი დირექტორთან, რადგან გავიგე, რომ ირაკლი მანდატურებს დირექტორთან ჩაუყვანიათ. რომ ვნახე ირაკლი, მითხრა, დირექტორმა სკოლიდან გამაგდოო. დირექტორმა უთხრა, რომ შენ მოძველბიჭო ელემენტი ხარ და სკოლა უნდა დატოვოო. მანამდე ერთი ბავშვიც ამ ბრალდებით გააგდო. მან მთხოვა, ჩემი გვარი და სახელი არსად ახსენოო და ამიტომაც ვერ გისახელებთ. ისიც ამ მიზეზით გააგდეს - მოძველბიჭო ელემენტი ხარო. ირაკლის პირდაპირ უთხრა: შენც იმნაირი მოძველბიჭო ხარ და ამიტომაც გაგდებო. მერე მე შევედი და მკითხა: რა პრობლემააო. მე ვთხოვე: ამის გამო ნუ გააგდებ-მეთქი ირაკლის. შენ მაგას არავინ გეკითხებაო. რატომ, ჩემი კლასელია და მეორეც - პირველ რიგში ადამიანობაა და მერე სკოლა-მეთქი.... იქნებ სხვანაირად მიუდგეთ-მეთქი საკითხს. ჰოდა, შენც მიყვები მაგასო. შემოიყვანა ირაკლი და გვითხრეს, მშობლებს დაუცადეთო. მე და ირაკლი დირექტორის კაბინეტიდან რომ გავედით, შევიდნენ ჩვენი მშობლები. უცებ დირექტორის კაბინეტიდან მესმის დედაჩემის ტირილი. შევედი. დირექტორმა მითხრა: დატოვე კაბინეტიო. მე ვუთხარი: ვერ დავტოვებ, დედაჩემს ასეთ მდგომარეობაში-მეთქი. მივედი და ვაწყნარებდი დედას. დედამ თვითონ მთხოვა: ცოტა ხანი გადიო. რომ გავედი, მაშინ დირექტორს დაურეკავს მანდატურებისთვის და უთქვამს, რომ მე თითქოს ამ შესვლისას დავემუქრე, ვაგინე... რა სისულელეა! რა გინება და რა მუქარა! ხმამაღლაც კი არ მილაპარაკია! ეს კაცი, პირდაპირ გეუბნებით, იტყუება. პოლიციაში მივედი და მითხრეს, დირექტორი გიჩივით შენ და ირაკლისო, რომ თითქოს ვაგინეთ და დავემუქრეთ. მე ვუთხარი, რომ ამის მსგავსი არაფერი ყოფილა-მეთქი."

რატომ უწოდებდა ირაკლი მჭედლიშვილს დირექტორი "მოძველბიჭო ელემენტს" (როგორც ამას მიკა ალექსიძე ამბობს), ამის შესახებ ასევე სკოლის გარეთ დარჩენილ ალექსიძეს პასუხი არ აქვს:

"ირაკლი ძალიან წესიერი ბიჭია და არანაირად არ არის "მოძველბიჭო ელემენტი". რა უნდა ამ დირექტორს ეს რომ ვიცოდე, რაღა მიჭირს?! გარდა ამისა, რომელ კანონში წერია, რომ სკოლიდან "მოძველბიჭო ელემენტი" უნდა გააგდოო და, სერთოდ, სად არის ამ სიტყვის განმარტება, რას ნიშნავს "მოძველბიჭო ელემენტი"? ასეთი რამე არ არსებოს, ეს ისეთივე პირობითი ცნობაა, როგორიც, მაგალითად, ჰორიზონტს რომ უყურებ, რაღაცა გგონია დიდი და სინამდვილეში სვა რამეს აწყდები..."

სკოლის ეზოში ერთ-ერთი მეთერთმეტეკლასელი გოგონა, რომელიც გვარ-სახელს არ იძახდა, ამბობდა: "მოვითხოვთ, შეწყდეს ამ ნიშნით მოსწავლეების დევნა, რათა ყველა არ გავხდეთ ასეთი დევნის მსხვერპლი. იმედია, რამე გამოვა. ამაზე განცხადებაც დავწერეთ. უნდა შეწყდეს ასეთი ცრუ ბრალდებებით მოსწავლეების დევნა. ახლა დარწმუნებული ვარ, დირექტორი გადაგვეკიდება აბსოლუტურად ყველა იმ მოსწავლეს, ვინც აქ ვდგავართ. ეს კი სამარცხვინოა."

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსწავლეთა საპროტესტო გასმოსვლაში მათი მშობლებიც მონაწილეობდნენ. როგორც ისინი ამბობენ, ახალდანიშნულმა დირექტორმა სკოლაში სრული ანარქია და ქაოსი შემოიტანა.

მერაბ გაბინაშვილი, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი: "2 კვირაა, რაც მოვიდა დირექტორად და ყველაფერი აურ-დაურია. 17 მასწავლებელი მოხსნა. ერთ-ერთს მიზეზად ეს მოსდო: თითქოს სურათში აიღო 6 ლარი. ალბათ, ექსკურსიის სურათებისთვის აგროვებდნენ ბავშვები და ეს ქრთამის აღებაა, უნდა გიჩივლოო. მასწავლებელმა დაწერა განცხადება და წავიდა... ეს სკოლა კი არა, ციხეა, ციხე! ამნაირი დირექტორისგან არც ის გამიკვირდება ამ ბავშვების გვარები რომ ჰქონდეს ჩამოწერილი, რომლებიც აქ დგანან. შიგნით მილიციაა, გარეთ მილიცია... ციხეა ნამდვილი."

მშობელთაგან ერთ-ერთმა მათგანმა, როგორც თავად განგვიცხადა, დირექტორთან ალექსიძის შესახებ შესვლა-დალაპარაკება მოახერხა. ამ შემთხვევაში ალექსიძის საქმე იყო გადასაწყვეტი, რადგან, შეკრებილი მოსწავლეებისა და მშობლების თქმით, მჭედლიშვილი პარასკევსვე ყოველგვარი ზედმეტი ლაპარაკის გარეშე წავიდა.

ხათუნა თოფურია, ერთ-ერთი თანაკლასელის მშობელი: "დირექტორს ვესაუბრე. რაც შეიძლებოდა, ყველაფერი ვუთხარი. ისიც შევთავაზე, რომ ამ ბავშვს თავდებად დავუდგები, ოღონდ სკოლიდან არ გაუშვათ-მეთქი. არაო. მჭედლიშვილის დედამ პირდაპირ აიღო საბუთები და შვილი სკოლიდან წაიყვანა. მე ალექსიძის მშობელს ვატან სუფთა საბუთებს და წაიყვანოს ბავშვი ამ სკოლიდანო, მითხრა. პროკურატურის საქმეს კი მე მივხედავო - პირობას დებს დირექტორი. რას მოაგვარებს, არ ვიცი. მე ვუთხარი, რომ ალექსიძე ასეთ რამეს არ ჩაიდენდა-მეთქი. ალბათ, რაღაცა შელაპარალკება მოხდა, მაგრამ... დირექტორი ამბობს, რომ ალექსიძე სკოლიდან უნდა წავიდეს. საერთოდ, როცა სახელმწიფო მოხელე რაღაცას გელაპარაკება და გარწმუნებს, წესით, უნდა დაიჯერო. მაგრამ მე როგორც შევატყვე ამ ლაპარაკიდან, რამდენად სარწმუნოა მისი დაპირება, პოლიციიდან დავიხსნიო, ვერ გეტყვით. ფაქტია ის, რომ ამ ბავშვის საქმე პროკურატურას გადაეცა."

გუშინდელმა ამბავმა ბარნოვის ქუჩაზე მცხოვრები მოსახლეობაც აღაშფოთა.

ნინო ქავთარაძე: "ვიდრე ეს დირექტორი მოვიდოდა, სიმშვიდე, სიწყნარე იყო. ამან კი ყველაფერი აურ-დაურია. ვინ გაუშვა და ვინ დატოვა არ ვიცი, მაგრამ გახანგრძლივებულზე უარი თქვა და დახურა. არადა, მშობლებს სჭირდებათ... მასწავლებლებიც გაუშვია სამსახურიდან... ახლა კი პატარა ბიჭების ამბავი პროკურატურისთვის გადაუცია. როგორ შეიძლება ეს?!"

"რეზონანსი" თავად სკოლის დირექტორს, ტატო შავშიშვილს ესაუბრა.

"რეზონანსი": მჭედლიშვილისა და ალექსიძის გარიცხვის მიზეზი, როგორც ამბობენ, ის იყო რომ ისინი "მოძველბიჭო ელემენტები" არიან. რამდენად მართალია? რეალურად რა იყო მათი გარიცხვის მიზეზი? 

ტატო შავშიშვილი: ეს მოზარდები ძალიან ხშირად არღვევდნენ სკოლის შინაგანაწესს. შემდეგ ისე გათავხედდნენ, რომ გარეკანონების დარღვევაც დაიწყეს. ისინი რეგულარულად შეურაცხყოფას აყენებდნენ როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს.

"რ": თუმცა, როგორც მოსწავლეები ამბობენ, მათ პროტესტს დილას მასწავლებლებიც შეუერთდნენ, მაგრამ თქვენი ჩარევის გამო დატოვეს სკოლის ეზო. 

ტ.შ: ტყუილია ეს. არც ერთი მასწავლებელი მათ პროტესტზე გასული არ იყო. აქ იყვნენ მხოლოდ მშობლები. ესენი იყვნენ მოზარდები, რომლებიც რეგულარულად არღვევდნენ სკოლის შინაგანაწესს.

"რ": გარიცხვის გადაწყვეტილებას არ შეცვლით? 

ტ.შ: რაკი გავრიცხე სკოლიდან, რასაკვირველია, აღარ მივიღებ. საქმეს იძიებენ სამართალდამცავი ორგანოები.

"რ": რაზეა სისხლის სამართლის საქმეა აღძრული? 

ტ.შ: არ ვიცი, რაზეა საქმე აღძრული. ფაქტი იყო ის, რომ შემომივარდნენ კაბინეტში ლანძღვა-გინებითა და მუქარით.

"რ": მოსწავლეები ამბობენ, რომ თქვენ იჩივლეთ. 

ტ.შ: მე არ მიჩივლია. პოლიცია თვითონ მოვიდა.

"რ": თუ არ გიჩივლიათ, თვითონ როგორ მოვიდა პოლიცია? მანდატურებმა გამოიძახეს? 

ტ.შ: მანდატურებმა არ გამოიძახეს. არ ვიცი, ვინ გამოიძახა. მოვიდა პოლიცია და თვითონ ნახა ფაქტი.

"რ": ერთ-ერთი მათი თანაკლასელის მშობელი ამბობდა, რომ თითქოს შეჰპირდით მას: ალექსიძეს გავატან სუფთა საბუთებს და პროკურატურაშიც მე მივხედავ საქმეს, რათა არ გაურთულდესო. ოღონდ აქედან წავიდესო. 

ტ.შ: ეს სისულელეა. მე რა შუაში ვარ პროკურატურასთან?! როგორც ჩანს, ეს ადამიანები ძალიან ბევრ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

"რ": ახლა რას აპირებთ? 

ტ.შ: მე ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას და ვამყარებ დისციპლინას სკოლაში.

"რ": ამ ბავშვებმა რა უნდა ქნან? 

ტ.შ: ამ ბავშვებმა რა უნდა ქნან, მე არ ვიცი.

"რ": თუკი მათზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, პასუხისგება არ აცდებათ? 

ტ.შ: არ ვიცი. თუ ბრალეულობა დაუმტკიცდებათ - დაუმტკიცდებათ; თუ არა და - არა. არ ვიცი. მოვლენებს ვერ დავასწრებ.

"რ": თუკი თქვენ ამბობთ, რომ შეურაცხყოფა მოგაყენეს და გემუქრებოდნენ კიდეც, გამოდის, რომ დაუმტკიცდათ და ეგ არის. 

ტ.შ: ამას მე ვამბობ. მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ სასამართლო ასე გადაწყვეტს. რას გადაწყვეტს სასამართლო, არ ვიცი."

მშობლებისა და მოსწავლეების პოზიციით კი, მსგავსი ტიპის დასჯა მიუღებელი, არაადეკვატურია და ამის წინააღმდეგ პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ; ისინი საპროტესტო აქციებს მომავალშიც განაგრძობენ და ბავშვებისთვის ხულიგნობის მუხლით აღძრული საქმის შეჩერებას და სკოლის დირექტორის მოხსნას შემდგომ დღეებშიც მოითხოვენ. თუმცა რამდენად გაგრძელდება მათი საპროტესტო გამოსვლა - ეს გაურკვეველია, რადგან გუშინვე ვრცელდებოდა ხმები რომ, ასეთ შემთხვევაში სკოლაში სპეცრაზმი შევა.

როგორც მიკა ალექსიძემ "კავკასიის" ეთერში განაცხადა, გუშინვე ის, მშობლის თანდასწრებით, პოლიციამ დაკითხა.