"ივანიშვილი ბოლომდე იბრძოლებს"


ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მოსვლა კიდევ დიდხანს დარჩება ქართული მედიისა და პოლიტიკოსების ყურადღების ცენტრში. გასულ კვირაში მან თავის სავარაუდო პოლიტიკურ მოკავშირეებად ალასანიას გუნდი და რესპუბლიკელები დაასახალა. ბიძინა ივანიშვილი უკვე შეხვდა დავით ბერძენიშვილსა და პაატა ზაქარეიშვილს. რაზე ისაუბრეს მათ დახურულ შეხვედრაზე, არის თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლა რუსული ან სააკაშვილისეული პროექტი და რა კითხვები და თემები აქვთ რესპუბლიკელებს მის მიმართ? ამ თემაზე "მთელი კვირა" ექსპერტ პაატა ზაქარეიშვილს ესაუბრა. 

"მთელი კვირა": ბატონო პაატა, როდის ბრძანდებოდით ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე და რა იყო ამ შეხვედრის მთავარი მიზანი. ანუ, როგორი იყო ურთიერთობის ფორმა, მან შემოგთავაზათ შეხვედრა?

პაატა ზაქარეიშვილი: ივანიშვილს შევხვდი გასულ კვირაში, სამშაბათს. როგორც ჩანს, შეხვედრა მან შემოგვთავაზა. მე პარტიიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ კარგი იქნებოდა, თუ წავიდოდი ამ შეხვედრაზე. ეს იყო გაცნობითი სახის შეხვედრა. ფაქტია, რომ ის ჩვენ უფრო მეტად გვიცნობს, იმიტომ, რომ ჩვენ საჯარო სუბიექტი ვართ. იქ "რესპუბლიკური პარტიის" სახელით ვიყავით. შეხვედრაზე ვიყავით სამნი - მე, დავით ბერძენიშვილი და ბატონი ბიძინა. მან ჩვენ თავის მეორე წერილში კარგად მოგვიხსენია, "რესპუბლიკურ პარტიას" გვთვლის პრინციპულ და საინტერესო პარტიად.

"მ. კ": როგორია თქვენი შთაბეჭდილება, რა თემებზე ისაუბრეთ, თუ ეს კონფიდენციალურია?

პ. ზ: არა, კონფიდენციალურია რაღაც დეტალები, მაგრამ ზოგადად თემები არ არის კონფიდენციალური. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე. რადგან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა იყო და მან მაინც იცოდა ჩვენს შესახებ და ჩვენი პოზიციები, მაინც დავაზუსტეთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, ხელისუფლების შეფასება, ხელისუფლებაში არსებული ფიგურების შეფასება, საქართველოში არსებული სხვა პოლიტიკური ძალების შეფასება, პოლიტიკური პარტიების შეფასება, მათ შორის - ოპოზიციური პარტიების.

მას აინტერესებდა ჩვენს პარტიაში მიმდინარე პროცესები, თუ რა პრინციპით არსებობს "რესპუბლიკური პარტია", როგორ მიიღება გადაწყვეტილებები. მას ასევე აინტერესებდა ჩვენი და ზოგადად პარტიის ხედვები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე.

"მ.კ": ბატონო პაატა, თქვენ პირველად ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენა კრიტიკულად შეაფასეთ. მე მახსოვს, თქვენ თქვით, შეიძლება ეს იყო შეთანხმებული თამაში სააკაშვილთანო და გარდა ამისა, არ მოიწონეთ მისი განცხადების ტონი მედიასთან დაკავშირებით. ხომ არ შეგეცვალათ შეხედულება? ანდა ხომ არ იგრძენით მისი მხრიდან განაწყენება ამ შეფასებების გამო?

პ. ზ: არა, განაწყენება არანაირად არ მიგრძვნია. რატომ მოვხვდი მე ამ შეხვედრაზე? წესით, არანაირად არ უნდა მოვხვედრილიყავი, რადგან მე ვარ "რესპუბლიკურ პარტიაში" ერთი ოცდამეთხუთმეტედი, ანუ 35 კაცისგან შემდგარი ეროვნული კომიტეტის წევრი. იქ ამ 35 კაციდან ნებისმიერი შეიძლება ყოფილიყო ამ შეხვედრაზე, მაგრამ აღმოვჩნდი, როგორც ჩანს, ჩემი სტატიების გამო.

"მ. კ": ანუ მას უნდოდა პირადად თქვენთან შეხვედრა?

პ. ზ: როგორც ჩანს. სიმართლე გითხრათ, მე არ ვიცი, როგორ შედგა ეს ორკაციანი ჯგუფი დავით ბერძენიშვილისა და ჩემი სახით, მაგრამ უსუფაშვილი საქართველოში არ იყო, გამოირიცხა და, ალბათ, ერთ კაცზე მეტი უნდა ყოფილიყო. შეიძლება მისგანაც მოდიოდა ინიციატივა ან შეიძლება პარტიიდანაც შესთავაზეს მეორე კაცი იქნება ზაქარეიშვილიო. არ ვიცი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მე რომ იქ მივედი, მას ძალიან გაუხარდა.

"მ. კ": ანუ ის, რომ თქვენ გააკრიტიკეთ, უხერხულობა არ შეუქმნია? ეს მნიშვნელოვანია მისი პორტრეტის შესაქმნელად.

პ.ზ: არა, მართალი ხართ, ეს მნიშველოვანია სწორედ ამ დამოკიდებულებაში. ალბათ, ამიტომ შემხვდა, პირველ რიგში, რადგან გავაკრიტიკე. მან თქვა, რომ დიდ პატივს მცემს ნამდვილად, ცალსახად იზიარებს ჩემს მოსაზრებებს და პოზიციებს და გული წყდება, რომ ჩემი შეფასებები მის პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს. საუბარი იყო უაღრესად კორექტული, გულახდილი და გულწრფელი.

"მ. კ": გულწრფელობის თაობაზე რამდენიმე სხვა ადამიანისაგანაც მოვისმინე. როგორც ჩანს, ის არ საუბრობს ქართული პოლიტიკისათვის დამახასიათებელი დიპლომატიურ-ფარისევლური ტონით...

პ. ზ: კაცი პირდაპირ აცხადებს, მე მზად ვარ, ვილაპარაკო ნებისმიერ თემაზე, რაც თქვენ გაინტერესებთო. დამისვით ნებისმიერი კითხვა და მე გიპასუხებთო. ასევე, იმედია, მეც მომცემთ უფლებას, დაგისვათ კითხვები და მივიღებ თქვენგან გულწრფელ პასუხებსო. აშკარად იყო მისი მხრიდან გულწრფელობა, ეს პირდაპირ თვალშისაცემი და დიდი დოზით იყო. მან აღნიშნა, რომ მოსწონს ჩემი სტატიები და ამიტომ გაუკვირდა ჩემი მხრიდან მისი ამ ფორმით შეფასება. იმედი გამოთქვა, მივხვდები, რომ ის არ არის სააკაშვილის პროექტი. ღმერთმა ქნას, თუ არ არის, მაგას რა სჯობს? ანუ მე პირველი შეხვედრის შემდეგ შემიძლია ვთქვა, რომ აშკარად ჩანს პატრიოტი ადამიანი, ძალიან უყვარს თავისი სამშობლო, უნდა დაიხარჯოს თავის სამშობლოსთვის და ნანობს, რომ ის ამას აკეთებდა არასწორი მეთოდებით, ეხმარებოდა რა ამ ხელისუფლებას.

"მ.კ": ბატონო პაატა, თქვენი აზრით, შეიძლება თუ არა, პრორუსული პროექტი იყოს ბიძინა ივანიშვილი? და თუ ეს ასეა, ხომ არ შეიძლება ამ პრორუსულობის გამოყენება ქვეყნის საკეთილდღეოდ, თუნდაც კონფლიქტების მოსაგვარებლად?

პ. ზ: "რესპუბლიკური პარტია" ვერ იქნება პრორუსულ პროექტში, გამორიცხულია. ამიტომ ის, რომ პრორუსული პროექტი იყოს, მაშინ "რესპუბლიკურ პარტია"-ზე არ გამოვიდოდა. თუ რამე ჩვენში მოსწონდა, ეს არის ჩვენი პრინციპულობა. და თუ ჩვენი პრინციპულობა მოსწონს, ე.ი. მის მიმართაც პრინციპულები უნდა ვიყოთ, ხომ ასეა?

"მ. კ": დიახ და მაშინ რამდენად ჰყავს მას დასავლეთში მოკავშირეები?

პ. ზ: არ ვიცი, ამაზე არ გვისაუბრია. შეიძლება ჩვენი სახით ეძებს ახლა ამ მოკავშირეებს. მაგას, ალბათ, გარკვეული მოკავშირეები ეყოლება დასავლეთის ბიზნესელიტაში, იმიტომ, რომ ნამდვილი ბიზნესმენია, ამხელა ქონებას ასე იოლად ვერ ქმნიან და ამიტომ მის მიმართ, ბუნებრივია, გარკვეული პატივისცემა არსებობს. სხვათა შორის, დღევანდელი პრესა აჩვენებს, რომ მსოფლიოში გამოხმაურება ჰქონდა მის გამოსვლას პოლიტიკურ არენაზე. ასე რომ, მისადმი პატივისცემა არსებობს, მე არ გამოვრიცხავ, რომ პოლიტიკურ არენაზე სჭირდება მას მხარდაჭერა. "რესპუბლიკური პარტია" მსოფლიოში ანგარიშგასაწევი ძალაა დემოკრატიულ ინსტიტუტებში. ჩვენი პარტია პრაქტიკულად ერთადერთი იშვიათი გამონაკლისია, რომელიც არის გაერთიანებული საკმაოდ სერიოზულ საერთაშორისო პოლიტიკურ გაერთიანებებში. ის, რომ ივანიშვილმა "რესპუბლიკური პარტია" და "თავისუფალი დემოკრატები" აირჩია პარტნიორად, ბევრ რამეზე მეტყველებს.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას უნდა დემოკრატიაზე ორიენტირებული, სამოქალაქო ღირებულებებზე ორიენტირებული, დასავლურ ევროპაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ პარტიებთან ქონდეს საერთო ენა და არა სხვებთან. საქართველოში არსებობენ პრორუსული ძალებიც ხომ?

"მ. კ": საინტერესოა, ნინო ბურჯანაძესთან თუ ითანამშრომლებს, თქვა ამასთან დაკავშირებით თქვენთან რამე?

პ. ზ: არა, ჩვენ ვეძებდით იმ თემებს, რაც გვაქვს საერთო. პირველი გაცნობითი შეხვედრა იყო და ჩვენ გვინდოდა შეგვეფასებინა ის, სადაც ვხედავდით საერთო თემატიკას. ჩვენი შეხვედრის მთავარი შედეგი არის ის, რომ აუცილებლად გაგრძელდება კონსულტაციები. ამასობაში ჩამოვა უსუფაშვილი და, ალბათ, ჩაუდგება სათავეში ამ კონსულტაციების პროცესს.

"მ. კ": ბატონო პაატა, ივანიშვილი თავის მეორე განცხადებაში მკაფიოდ აქებს ვანო მერაბიშვილს. თქვენი აზრით, მასთან თანამშრომლობა რამდენად შესაძლებელია?

პ. ზ: ეს იყო ის ერთ-ერთი თემა, რომელიც ჩვენ გვინდოდა დაგვეფიქსირებინა. თუ რამეზე მკაფიოდ ვთქვით თავიდანვე, ეს იყო ის, რომ ჩვენ ვუთხარით ბატონ ბიძინას თავიდანვე - პატივს ვცემთ თქვენს არჩევანს ჩვენ მიმართ, მოვედით დიალოგზე და კონსულტაციაზე, მაგრამ არის რაღაც თემები, რომელსაც "რესპუბლიკური პარტია" არავითარ შემთხვევაში არ გადალახავს. თუ დღეს ჩვენ არ ვართ "ნაციონალურ მოძრაობასთან", იმის გამო, რომ რაღაც პრინციპების გამო დავშორდით. ერთ-ერთი პრინციპული საკითხი, ეს არის მერაბიშვილის საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება რაღაც გარკვეული მოლოდინები გქონდეთ, თუმცა ეჭვი გვეპარება ამაში, რომ გამართლდეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ახლა არ ვაპირებთ გთხოვოთ, გადახედოთ თქვენს პოზიციებს. მაგრამ ჩვენთან თანამშრომლობის შემთხვევაში ჩვენ გვინდა, რომ იცოდეთ, რომ გამორიცხულია მერაბიშვილთან, ბოკერიასთან, სააკაშვილთან რაღაც ფორმით აღმოვჩნდეთ ერთ გუნდში-თქო.

"მ. კ": ბოკერიასთან დაკავშირებით ივანიშვილს თავის მეორე წერილში აქვს საინტერესო პასაჟი, თითქოს ის იყო მომხრე ცხინვალში ჯარების შეყვანის. ეს რამდენად ემთხვევა თქვენს ინფორმაციას?

პ. ზ: კი, ემთხვევა აბსოლუტურად. მისი მხრიდან კონფლიქტების შეფასებაც მკაფიოდაც ემთხვევა ჩემს ინფორმაციას და კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ მართალი ვიყავი იმ პერიოდში. ამიტომ ჩვენ ბარემ დავამატეთ ეს გვარებიც, ბოკერია და სააკაშვილი და ვუთხარით, რომ ჩვენ გვინდა ჩვენ შორის იყოს პატიოსანი, გულახდილი, პირდაპირი ურთიერთობები, რომ მერე რაღაცები არ ხდებოდეს. ანუ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ეს წითელი ხაზი ჩვენგან არ გადაილახება ანუ ვიგულისხმეთ მერაბიშვილი, ბოკერია და სააკაშვილი. ის გაგებით მოეკიდა ამას, არ ვიცი, დაგვეთანხმა თუ არ დაგვეთანხმა, მაგრამ როგორც ჩვენი პოზიცია, მიიღო ეს ინფორმაცია.

"მ. კ": ბატონო პაატა, თქვენი აზრით, სააკაშვილს ეშინია ივანიშვილის?

პ. ზ: ის ისტერიული კონვულსები, რაც მათ დაემართათ მისი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას ვგულისხმობ, აშკარად აჩვენებს, რომ ძალიან ეშინია. გაყიდა ხელისუფლებამ თავისი თავი, რომ ძალიან მშიშრები და ლაჩრები არიან. იმის მაგივრად, რომ მისალმებოდნენ ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლას, ატეხეს ერთი ისტერია. ნებისმიერი პოლიტიკური ფიგურის შესვლა პოლიტიკაში ზოგადად ნორმალურია, მათ კი ისტერიკა დაემართათ. კი, ბატონო, გასაგებია, რომ არ ესიამოვნათ, მაგრამ ეთქვათ, ვნახოთ, რა გზას აირჩევს, როგორ იქნებაო. ამის ნაცვლად დაემართათ რაღაც საშინელი ისტერიკა და არაბუნებრივი კონიუსები. ამით გამოააშკარავეს და გაყიდეს თავისი თავი, რომ ძალიან სუსტები არიან და მათი დამარცხება ძალიან იოლია.

"მ. კ": თვლით, რომ ძლიერი ძალა შეემატა ქართულ ოპოზიციურ სპექტრს? რამდენად აქვს ივანიშვილს შანსი, გახდეს პრემიერ მინისტრი ან პრეზიდენტი... თქვენ რომელ თანამდებობაზე წარმოგიდგენიათ ის?

პ. ზ: ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი, ჯერ მხოლოდ კონსულტაციები მიმდინარეობს. თავისთავად ეს პასპორტის თემა, მოქალაქეობის თემა, ძალიან მნიშვნელოვანია. ამან კიდევ ერთხელ გამოააშკარავა როგორც ხელისუფლების პრიმიტიულობა, ისე ივანიშვილის პრინციპულობა. მან თქვა, რომ მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, მისი მოქალაქეობის გარშემო როგორ განვითარდება მოვლენები, მისთვის მთავარია ბრძოლა ბოლომდე. მიუხედავად ყველაფრისა, ის მაინც მიდის ბრძოლაში და არ დაუწყებს ხვეწნას ხელისუფლებას, კარგით, ოღონდ მოქალაქეობა დამიტოვეთ, თქვენი ჭირიმე და ჯანდაბას, არ ვიქნები პოლიტიკაშიო. ამის გამკეთებელი არ არის.

"მ. კ": ანუ წინასწარი შეფასებით, თქვენ თვლით, რომ ივანიშვილი პრინციპული ადამიანია და იბრძოლებს ბოლომდე?

პ. ზ: კი, კი, მკაფიოდ, ძალიან ცალსახად. ჩემი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ ესაა. რომ არ იქნება არავითარი კომპრომისები, ბრძოლა ბოლომდე. როგორც უნდა დამთავრდეს ეს პროცესი, თავისთავად საინტერესო პროცესი იწყება. ბევრისთვის მისაღები თუ მიუღებელი, უკვე, ნებისმიერ შემთხვევაში ამის შეფასება შეიძლება, როგორც უაღრესად დადებითი მოვლენის.