რუსეთთან ურთიერთობის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის დანიშვნით, საქართველო რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩა და გამოცდილებით, ამ შემთხვევაში საქართველო ყოველთვის აგებს.
ამის შესახებ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი კანდელაკმა განაცხადა.
„დიდი ხანია, ვცდილობთ, დაგანახოთ ის, რომ გააცნოებიროთ, თუ რამხელა პასუხისმგებლობაა სახელმწიფოს მართვა. სამწუხაროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში თქვენ გამოავლინეთ რეალობის ვერდანახვის და საკუთარი თავის დაბრმავების გასაოცარი უნარი, ამის მაგალითები უკვე ბევრი დაგროვდა. თქვენი გაუაზრებელი ქმედებების შედეგია ის, რომ ნოემბერში ეკონომიკის ზრდის 0%-იანი მაჩვენებელი დაფიქსირდა და შემდგომი წლის პროგნოზები სავალალოა. ამის შედეგია ასევე აბაშიძის არასწორად დანიშნვა რუსეთთან დიალოგის აღდგენისთვის, მისმა არასწორმა ფორმულირებამ მოგვიტანა ის, რომ ჩვენ ჩვენივე ხელით რუსეთთან ვაკეთებთ იმას, რომ პირისპირ მარტო აღმოვჩნდეთ, თუ რამეს გვასწავლის რუსეთთან წლების ურთიერთობა, არის ის, რომ როცა საქართველო რუსეთთან მარტო რჩება, ის აგებს“, - განაცხადა დეპუტატმა.